Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 სტადიონზე ბალახის საფარის მოსაწყობად 12,1 მლნ ლარი დაიხარჯება


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში 15 სტადიონზე ბალახის საფარის მოწყობაში 12 100 000 ლარს დახარჯავს. სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ სამუშაოები უნდა ჩატარდეს უახლოეს რამდენიმე თვეში - სტადიონები მზად უნდა იყოს ფეხბურთში უეფას 21 წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჩასატარებლად.

მუნიციპალური განვითარების ფონდი შესყიდვების სააგენტოს ასევე აღნიშნავს, რომ ამ სამუშაოებისთვის გამოცხადებული ორი ტენდერიდან ერთი გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა, მეორე კი შეწყდა. სწორედ ამიტომ, უწყება განმარტავს: "უეფას მოთხოვნის თანახმად სატესტო მატჩი უნდა გაიმართოს 2023 წლის მაისის თვეში. ელექტრონული შესყიდვის პროცედურებისთვის დადგენილი ვადებისა და შესყიდვის ობიექტის დიდი მოცულობის გათვალისწინებით ზემოთ მითითებულ ვადაში შეუძლებელი იქნება სპორტული ღონისძიების ჩატარება".

"უეფას წარმომადგენლები მუდმივ მონიტორინგს ატარებენ თუ როგორ მიმდინარეობს საფეხბურთო სტადიონების რეაბილიტაციის პროცესი, რომ დათქმულ ვადაში მოესწროს სპორტული ღონისძიების ჩატარება. აღნიშნულის გათვალისწინებით შესყიდვის დაყოვნებით შეუძლებელი იქნება დათქმულ ვადაში ტურნირის ჩატარება და ქვეყანა ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება, რაც გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას და მომავალში დავკარგავთ საერთაშორისო საფეხბურო ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობას", - აღნიშნავს უწყება.

სტადიონების დასახელება, სადაც ბალახის საფარი უნდა დაიგოს:

  • მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალური სტადიონი;
  • მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სათადარიგო სტადიონი;
  • სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ბასა";
  • დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი (პეტრო);
  • ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი (დინამო);
  • საგურამოს საფეხბურთო ცენტრი (საგურამო);
  • გარდა ამისა, ბალახის საფარი უნდა დაიგოს ბათუმში, ქობულეთში, წყალტუბოში და ქუთაისში არსებულ სტადიონებზე.
სტადიონების ჩამონათვალი
სტადიონების ჩამონათვალი

XS
SM
MD
LG