რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 31 დეკემბერს მეათედ მოათავსეს სადამსჯელო იზოლატორში, სადაც ის ახალ წელს შეხვდა. ნავალნი იმყოფება ვლადიმირის ოლქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სადამსჯელო საკანში გადაყვანის შესახებ ცნობა 9 იანვარს გამოქვეყნდა ნავალნის სახელით, სოციალურ ქსელებში.
როგორც ცნობაშია ნათქვამი, კოლონიის ადმინისტრაციამ დარღვევად მიიჩნია ის, რომ ნავალნი პირს იბანდა დილის 5.24 საათზე, მაშინ, როცა განრიგის თანახმად, მსჯავრდადებულებმა პირი ზუსტად დილის 6-ზე უნდა დაიბანონ. სადამსჯელო იზოლატორში ნავალნი 15 დღე-ღამით მოათავსეს.
"ასე დაინგრა ჩემი გეგმები ფეშენებელურ ახალ წელზე, რომლისთვისაც მომარაგებული მქონდა კარტოფილის ჩიპსების პაკეტი და კონსერვი 'საირა'", - წერს ნავალნი. მისი თქმით, ახალი წლის ღამეს მას ეძინა.
ნავალნის ადვოკატი ვადიმ კობზევი ტვიტერით წერს, რომ მისი მონაცემებით, ნავალნი იზოლატორში ავად გახდა, მას ტემპერატურა აქვს და ახველებს. "ვცდილობთ მისთვის წამლის მიწოდებას", - აღნიშნავს ადვოკატი.
სადამსჯელო იზოლატორში ნავალნისთან ერთად კვლავ ამყოფებენ მსჯავრდადებულს, რომლის პირად ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ნავალნი აქამდეც წერდა. "ის გაუშვეს 3 იანვარს, 4-ში კი კვლავ ჩემთან მოიყვანეს. ამასთან, როცა უშვებენ, ის, სხვების მსგავსად, ბარაკებში არ მიჰყავთ, მას ყოველთვის ავადმყოფად აცხადებენ და აწვენენ სამედიცინო განყოფილებაში, რომელიც გადავსებულია გრიპით დაავადებულებით - აქ ეპიდემიაა. და ზუსტად 24 საათის შემდეგ კვლავ ჩემთან შემოჰყავთ იზოლატორში. მგონი, მას ბაქტერიოლოგიურ იარაღად იყენებენ", - წერს ოპოზიციონერი.
კოლონიაში ნავალნი იმყოფება 2022 წლის ივნისიდან.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის აგვისტოში საწამლავ "ნოვიჩოკით" მოწამლეს, ნავალნი ბერლინში მკურნალობდა. 2021 წლის დასაწყისში პოლიტიკოსი დაბრუნდა რუსეთში, სადაც ის პირდაპირ აეროპორტში დააკავეს. თავიდან ნავალნის პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალეს "ივ როშეს" საქმეზე, შემდეგ გაასამართლეს ვეტერანის ცილისწამებისთვის (ჯარიმა მიუსაჯეს) და თაღლითობის და მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე, რომელზეც მას ცხრა წლით მიესაჯა პატიმრობა.