Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სააკაშვილის სია" "მაგნიტსკის აქტის" ანალოგიით - რა ვიცით ამ იდეაზე


მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან - სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან სრულად გათავისუფლების საკითხს; 9 იანვარი, 2023 წელი
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან - სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან სრულად გათავისუფლების საკითხს; 9 იანვარი, 2023 წელი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებმა "სააკაშვილის სიის" შექმნის აუცილებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი - საუბარია ცნობილ "მაგნიტსკის აქტის" ანალოგიაზე, რომელმაც თავი უნდა მოუყაროს ყველა იმ ადამიანს, ვინც აფერხებს ექსპრეზიდენტის მკურნალობას და შეიძლება ჩართული იყოს მის მოწამვლასა და წამებაში.

"სააკაშვილის სიაზე" საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ სააკაშვილმა ღია წერილით მიმართა "მაგნიტსკის სიის" ავტორს, ცნობილ ბრიტანელ ფინანსისტსა და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსს, ბილ ბროუდერს.

"მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო აშკარად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა დაეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში მანამ, სანამ ლეტალური შედეგი დადგება. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და მათ დაუსჯელობის გრძნობა განასხვავებთ, რომელიც დაკავშირებულია პუტინის დაუმარცხებლობის გრძნობასთან. მაგრამ მე და თქვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი იმედია, მის გარდაცვალებამდე ვიცოცხლო.

ამასობაში, ჩემი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას. გთხოვთ დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, მებრძოლი სულით და ფართო კონტაქტებით", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

ბროუდერი 8 დეკემბერს მიწერილ ღია წერილს დღეს, 9 იანვარს, გამოეხმაურა. მან ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტი იმის შესახებ, ვინ აფერხებს მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ბროუდერი სააკაშვილს ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ დოკუმენტს ყურადღება მიაქციონ მაგნიტსკის სანქციების დასავლური ქვეყნების მთავრობებმა.


სააკაშვილისა და ბროუდერის ამ კომუნიკაციას წინ უსწრებდა 2022 წლის დეკემბერში ბრიტანელი ფინანსისტის ტვიტი ექსპრეზიდენტის შესახებ, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ სააკაშვილს სჭირდებოდა სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში და თუკი ის ამას ვერ მიიღებდა, საქმე გვექნებოდა მკვლელობასთან. ბროუდერმა ეს ტვიტი მას შემდეგ დაწერა, რაც გავრცელდა ექსპრეზიდენტის ფოტო კლინიკა "ვივამედიდან" - 22 დეკემბერს სააკაშვილი საავადმყოფოს პალატიდან ონლაინ ჩართვით მონაწილეობდა საკუთარ სასამართლო პროცესში.

"ის ჩვენ თვალწინ კვდება. ეს საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა", - თქვა მაშინ ბილ ბროუდერმა.


დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ დაასახელა პირველი ადამიანი, რომელიც, მისი აზრით, უნდა შევიდეს "სააკაშვილის სიაში" - ეს იუსტიციის მოქმედი მინისტრი რატი ბრეგაძეა.

"სააკაშვილის სია" უნდა არსებობდეს, მსგავსად "ყარა-მურზას სიისა" და "მაგნიტსკის სიისა". რა თქმა უნდა, სამართლებრივი პაკეტი იკვრება და აუცილებლად გადაეცემა ყველა იმ დაინტერესებულ საერთაშორისო პარტნიორს, რომელსაც აინტერესებს იმ ადამიანების ვინაობა, ვინც დაარღვია მიხეილ სააკაშვილის უფლებები. მაგრამ ჩემი მოსაზრებით, ეს არის ძირითადად მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც პოლიტიკური მართლმსაჯულება გამოიყენა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია ახლა. ჩემი აზრით, ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი", - თქვა დეკანოიძემ.

"სააკაშვილის სიაში" რატი ბრეგაძესთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მოიაზრებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი და ამ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.

"ამ სიაში იქნებიან რატი ბრეგაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე პენიტენციური დაწესებულების ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობა მიიღო. აგრეთვე იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში არიან ჩართულები, ცხადია, პასუხისმგებლობა ექნებათ. მათ ეს უნდა გაიაზრონ. არავის ვემუქრებით და არ მინდა, ვინმეს დავემუქრო, რომ მის თავს რაღაც მოხდება, მაგრამ, ცხადია, ამ სიაში მოხვდები, როცა უსამართლოდ იქცევი, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობაში მონაწილეობას იღებ, როცა ცივილიზებულ სამყაროსა და საქართველოს შორის შუაში დგები და ამ ყველაფერზე ხელის მომწერი, წარმომადგენელი და გადაწყვეტილების მიმღები ხარ. ამიტომ ამ ადამიანებს ის პრობლემები არ უნდა გაუკვირდეთ, რაც მათ წინაშე დადგება", - უთხრა დღეს ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

"სააკაშვილის სიის" შექმნის აუცილებლობას, ენმ-ის წევრების გარდა, ხედავენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილის საქმეზე უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია ან სხვა სახის სამუშაო ფორმატი იმისათვის, რომ დადგინდეს დამნაშავე პირთა სია.

"ინიცირებული აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", მე როგორც მახსოვს, საგამოძიებო კომისია და შესაძლებელია საგანგებო რეჟიმში შეკრება და ვინც თვლის ოპოზიციად თავს, 50 ადამიანი ნამდვილად მოიძებნება პარლამენტში ასეთი, და შევქმნათ საგამოძიებო კომისია და ამ გზით წავიდეთ ან მეორე, თუ ეს არ ხერხდება, რაღაც სამუშაო ფორმატი შეიქმნას, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და გამოვკვეთოთ ის ადამიანები, ვისაც ბრალი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილის იმ ყოფაში, რომელ მდგომარეობაშიც ის იმყოფება დღეს", - თქვა მანჯგალაძემ.

"სააკაშვილის სიის" შექმნის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ "ქართულ ოცნებაში". დეპუტატმა გივი მიქანაძემ დღეს თქვა, რომ ამ თემაზე საუბრის დაწყება ლობისტური კამპანიის ნაწილია.

"რაიმე სიებზე საუბარი არის კიდევ ერთი სპეკულაციური განცხადება, მით უმეტეს იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელმაც ჩამოაყალიბა თავიანთი მმართველობის პერიოდში ძალიან მძიმე დანაშაულებრივი სისტემა. ეს პიარული კამპანია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ლობისტები არ ერიდებიან ყველას მაქსიმალურად ჩართვას. ჩვენ ვიცით, რომ ოჯახმა დაიქირავა ამერიკული ლობისტური კომპანია. აღნიშნული ფაქტორიც, ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი ამ მიმართულების, ამ ლობისტური მიმართულების კომპონენტი. მით უმეტეს, როდესაც ამ პიროვნებას არანაირი საფუძველი არ აქვს განაცხადოს ასეთი ხმამაღალი და ბრალდებით სავსე განცხადებები, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის წამება მიმდინარეობს", - უთხრა დღეს დეპუტატმა მედიას.

სააკაშვილის შემთხვევაში "მაგნიტსკის სიის" მსგავსი სიის შექმნის აუცილებლობაზე პირველად ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ, 2022 წლის მაისის დასაწყისში განაცხადა. მაშინ ის ამბობდა, რომ ევროპელი პარტნიორები ფიქრობდნენ „მაგნიტსკის აქტის“ მსგავს სანქციებზე იმ შემთხვევისთვის, თუკი მიხეილ სააკაშვილს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას არ აღმოუჩენდნენ.

"მაგნიტსკის აქტი"

სერგეი მაგნიტსკი უკრაინაში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები აუდიტორი იყო, რომელიც სახელმწიფო კორუფციას იძიებდა. იგი 2009 წელს იპოვეს გარდაცვლილი მოსკოვის ციხეში. 37 წლის კაცის სხეულს წამების კვალი ემჩნეოდა. ის იმ დროს გარდაიცვალა, როცა 1-წლიანი წინასწარი პატიმრობის ამოწურვამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩებოდა. მაგნიტსკის მკვლელობისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

მაგნიტსკის სიკვდილს ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. 10 წელზე მეტია, რაც სერგეის ყოფილი დამქირავებელი ბილ ბროუდერი ცდილობს, მაგნიტსკისთვის სამართლიანობა იპოვოს. ის სხვადასხვა მთავრობას სთხოვს, სანქციები დაუწესონ იმ რუს ოფიციალურ პირებს, რომელთაც მაგნიტსკის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვით. ბროუდერის მცდელობა საკანონმდებლო ინიციატივად იქცა და "მაგნიტსკის აქტის" სახელითაა ცნობილი.

2012 წელს აშშ-მ და ოდნავ მოგვიანებით კანადამ, „მაგნიტსკის კანონი“ დაამტკიცეს. პროცესს შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც. ის ითვალისწინებდა პერსონალურ სანქციებს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დამრღვევი პირებისთვის რუსეთში. სანქციებს შორის არის სავიზო შეზღუდვები და საფინანსო აქტივების გაყინვა.

თავდაპირველად კანონი გავრცელდა მათზე, ვინც შემხებლობაში იყო უშუალოდ მაგნიტსკის სიკვდილთან; ხოლო შემდეგ „მაგნიტსკის სია“, „მაგნიტსკის კანონი“, „მაგნიტსკის აქტი“ თანდათან საზოგადო სახელებად იქცა და ამ სახელებით მოიხსენიებენ ხოლმე არა მხოლოდ აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის, არამედ სხვა ქვეყნების ანალოგიური ნორმატიული აქტებით დამტკიცებულ სანქციებსაც.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების გლობალური მექანიზმი ევროკავშირში 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა. მას „მაგნიტსკის ევროპულ კანონსაც“ უწოდებენ. იგი ითვალისწინებს სანქციებს ნებისმიერი იმ პირისთვის, რომლებიც ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს. მაგალითად, ერთი წლის წინ „მაგნიტსკის აქტის“ ევროპული ანალოგით ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები, მათ შორის, რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის 11 მოქალაქისა და ოთხი კომპანიის მიმართ.

ევროკავშირმა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის ეს მექანიზმი პირველად გამოიყენა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და გასამართლების პროცესთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG