Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იციან ყველა დასკვნა, თარიღების მიხედვით" - რისკენ მოუწოდებენ "ოცნებას" ევროპელი პოლიტიკოსები?


მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომაზე, 2022 წელი.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომაზე, 2022 წელი.

მდგომარეობის გაუარესების ფონზე, საერთაშორისო პარტნიორები სულ უფრო ხშირად შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა მისი საზრუნავია და უნდა შესრულდეს სახალხო დამცველის დამოუკიდებელ ექსპერტთა  ჯგუფის რეკომენდაციები.

ენმ-ის წარმომადგენელმა, გიორგი ჩალაძემ და პატიმარი ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ახლახან სტრასბურგიდან ჩამოიტანეს ამბავი, რომ ევროპელმა პარტნიორებმა დაიწყეს „მაგნიტსკის აქტის“ მსგავს სანქციებზე ფიქრიც იმ შემთხვევისთვის, თუკი არაფერი შეიცვლება და მიხეილ სააკაშვილს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას არ აღმოუჩენენ.

ბოლო დღეებში ოჯახის წევრები, ენმ-ის წარმომადგენლები, აქტივისტები და მხარდამჭერები მართავენ აქციებს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისა და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით.

ხელისუფლება აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო დახმარების მიღების საშუალება აქვს, მაგრამ არა აქვს ამის სურვილი.

„[ევროპარლამენტში და ევროსაბჭოში] ზედმიწევნით კარგად იციან ყველაფერი, ყველა დასკვნა, თარიღების მიხედვით... აშკარაა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ყოვლისმომცველი დღის წესრიგის მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი პრიორიტეტული საკითხია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ენმ-ის წარმომადგენელი, გიორგი ჩალაძე, რომელიც გუშინ დაბრუნდა თბილისში, სტრასბურგში გამართული თითქმის 2-დღიანი ინტენსიური შეხვედრების შემდეგ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინიციატივას ევროპელი პარტნიორები ძალიან მოკლე დროში გამოეხმაურნენ და, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებიც ერთმანეთის მიყოლებით დაიგეგმა. როგორც თავად გიული ალასანია ამბობს ერთ-ერთ ტელეეთერში - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების ფონზე, დედის ჩასვლა ძალიან შთამბეჭდავი იყო ევროპელი მასპინძლებისთვის.

ჩალაძე გვეუბნება, რომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოსთვის ინფორმაციის მთავარი წყაროა ომბუდსმენის ინსტიტუტი და ასევე, დეტალურად იციან ცენტრ „ემპათიის“ დასკვნებიც. „ემპათიამ“ დღეს კიდევ მეოთხე დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც დიდწილად ზუსტად ემთხვევა ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებულ მორიგ დასკვნას.

„ევროსაბჭოს წამების კომიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას დაესწრო ასევე წამების პრევენციის კომიტეტის ხელმძღვანელი და მათ თქვეს, რომ დეტალურ ინფორმაციას ფლობენ სახალხო დამცველისგან და სახალხო დამცველზე განხორციელებულ თავდასხმებზეც. თქვეს, რომ „ომის პარტიის“ წარმომადგენლად მისი წარმოჩენა კარგად აპრობირებული შავი პიარის ნაწილია [სახალხო დამცველს "ომის პარტიის" წარმომადგენელი ირაკლი კობახიძემ უწოდა - რთ]“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ჩალაძე.

"მაგნიტსკის აქტი"

როგორც ჩალაძე განმარტავს, სტრასბურგში გამართული შეხვედრების ფარგლებში დაიგეგმა არაერთი აქტივობა:

  • სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარებმა დაიწყეს კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის მიმართ საპატიმროში მოპყრობის საკითხზე საგანგებო რეზოლუციის მომზადების მიზნით;
  • იგეგმება მაღალი დონის დელეგაციები და ევროპარლამენტარებმა დაიწყეს კონსულტაციები საქართველოში ექიმების საერთაშორისო ჯგუფის ჩამოსვლის მიზნით;
  • თუკი ევროპელი პარტნიორების კომუნიკაციას შედეგს ვერ მოიტანს და მიხეილ სააკაშვილს მოკლე დროში არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება, სააკაშვილთან დაკავშირებით შედგება „მაგნიტსკის აქტი“, სანქციების დაკისრებასთან დაკავშირებით.
უკრაინაში დაბადებულმა და რუსეთში მცხოვრებმა აუდიტორმა - სერგეი მაგნიტსკიმ, ვიდრე ის ციხის საკანში 37 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა, გამოააშკარავა მასშტაბური სქემა, რომლის მიხედვითაც, რუსი ჩინოვნიკები და ძალოვნები საბიუჯეტო თანხებს იტაცებდნენ.
2008 წელს ის რუსეთში გადასახადების დაფარვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს და იზოლატორში იმ დროს გარდაიცვალა, როცა 1-წლიანი წინასწარი პატიმრობის ამოწურვამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩებოდა.
მაგნიტსკის სიკვდილს ფართო საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. 2012 წელს აშშ-მ და ოდნავ მოგვიანებით - კანადამ „მაგნიტსკის კანონი“ დაამტკიცეს. პროცესს შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც. ის ითვალისწინებდა პერსონალურ სანქციებს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დამრღვევი პირებისთვის რუსეთში. სანქციებს შორის არის - სავიზო შეზღუდვები და საფინანსო აქტივების გაყინვა.
თავდაპირველად კანონი შეეხო იმ პირებს, რომლებიც შემხებლობაში იყვნენ უშუალოდ მაგნიტსკის სიკვდილთან; ხოლო შემდეგ - „მაგნიტსკის სია“, „მაგნიტსკის კანონი“, „მაგნიტსკის აქტი“ თანდათან საზოგადო სახელებად იქცა და ამ სახელებით მოიხსენიებენ ხოლმე არა მხოლოდ აშშ-ის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის, არამედ სხვა ქვეყნების ანალოგიური ნორმატიული აქტებით დამტკიცებულ სანქციებსაც.

ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების გლობალური მექანიზმი ევროკავშირში 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა.

მას „მაგნიტსკის ევროპულ კანონსაც“ უწოდებენ და ითვალისწინებს სანქციებს ნებისმიერი იმ პირისთვის, რომელიც ევროკავშირის საზღვრებს გარეთ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. მაგალითად, ერთი წლის წინ, „მაგნიტსკის აქტის“ ევროპული ანალოგით ევროკავშირმა დაამტკიცა სანქციები, მათ შორის, რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის 11 მოქალაქისა და ოთხი კომპანიის მიმართ.

ევროკავშირმა ეს მექანიზმი პირველად გამოიყენა ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის - ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და გასამართლების პროცესთან დაკავშირებით.

მაშინ სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის ოთხი მოქალაქე - ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები: გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ კალაშნიკოვი და როსგვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი.

„ჩვენ შევესწარით ფორმულირებაზე მუშაობას, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს და რა უნდა მოიცვას "მაგნიტსკის აქტმა"... მათი ინიციატივაა, რომ ეს უნდა შეეხოს ყველას, ვინც უარყოფითი მონაწილეობა მიიღო ამ [სააკაშვილთან დაკავშირებულ - რთ] პროცესში. არ არის ლაპარაკი მხოლოდ ფიზიკურ მონაწილეობაზე... თუ რომელიმე თანამდებობის პირს უნდა გაეკეთებინა რაღაც და არ გააკეთა, ისიც მოხვდება "მაგნიტსკის აქტის" სიაში. ძალიან ფართო სპექტრია. ცუდი იქნება ეს საქართველოსთვის. მე არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა არადემოკრატიული ქვეყნების რიგში ჩადგეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი ჩალაძე. მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები დიდი ყურადღებით ელოდებიან ასევე სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვლის საქმის განხილვას.

ხელისუფლების მხარდამჭერები და ენმ-ის ოპონენტები სოციალურ ქსელებში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ „მაგნიტსკის აქტის“ სიაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა მოხვდნენ და მათ შორის - თავად მიხეილ სააკაშვილი, იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საპატიმროებში მასობრივად და სასტიკად ირღვეოდა ადამიანის უფლებები.

მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილი განაჩენებიდან თუ მიმდინარე საქმეებიდან არცერთი არ შეეხება პატიმრების მიმართ მოპყრობას ციხეებში.

არ თუ ვერ?

ხელისუფლება არ იზიარებს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის 27 აპრილის დასკვნას, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის „მნიშვნელოვან გაუარესებაზეა“ ლაპარაკი. „ქართული ოცნების“ პასუხია, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ადეკვატურად ზრუნავს ისევე, როგორც ეს ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში მოხდებოდა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, დასკვნასთან დაკავშირებით უწყებამ ომბუდსმენის ოფისს შეკითხვები გაუგზავნა და წერილობითი პასუხების მიღებას ელოდებოდა. მაგრამ რადგან სახალხო დამცველის ოფისმა მათ ექსპერტების შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა, მინისტრმა 4 მაისს „იმედის“ ეთერში თქვა, რომ ომბუდსმენს „გონივრულ ვადაში“ უპასუხებენ.

რატი ბრეგაძე ასევე ამბობს, რომ პატიმარ ექსპრეზიდენტს ხელმისაწვდომობა აქვს ყველანაირი ტიპის საკვებსა და მედიკამენტზე, თუმცა, მისი თქმით, სააკაშვილი დანიშნული მედიკამენტებიდანაც ყველაფერს არ იღებს.

6 მაისს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა „თვითდაზიანების რეჟიმშია“, სიმულაციების გზით სასჯელისთვის თავის არიდება „არ გამოვა" და „მას სასჯელის მოხდა მოუწევს - ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე; სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება“.

მანამდე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ სააკაშვილს, ცილების მოსამარაგებლად, კვერცხისა და ხაჭოს ჭამა ურჩია და თან დასძინა, რომ „ეს შეიძლება იყოს [სააკაშვილის] წინასწარ განზრახული გეგმა“ და „შეიძლება იმიტომ არ იღებდე ცილას, რომ ასეთი დიაგნოზი დაგისვან“.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე უარი განაცხადეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, რომლებსაც ნახვა თავად მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მას წერილობით შეუთვალა, რომ შეხვედრას აზრი არა აქვს.

„გავარკვიეთ, რომ გიკეთდებათ ყველაფერი და გაქვთ ხელმისაწვდომობა ყველანაირ საჭირო სერვისზე. მიიღებთ თუ არა ამას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ის, რომ თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამის სურვილი ნამდვილად მაქვს როგორც ექიმს და როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის სურვილი, პოლიტიკური მიზნების გამო, არ გაქვთ თქვენ. სწორედ ამიტომ ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის, რასაც მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება და არა რეალური შედეგი“, - წერს ხუნდაძე.

ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი ნებაყოფლობით კი არ შიმშილობს, არამედ კონკრეტული დიაგნოზის ფონზე, „ცილოვან შიმშილს, წონაში მნიშვნელოვან კლებასა (თვეში 8 კგ) და კუნთების განლევას იწვევს - „ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა - აუტანლობის მიზეზით“.

დასკვნაში მითითებულია დიაგნოზი - „რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია“, რაც საკვების შემცირებულ მიღებას იწვევს და შესაძლოა სავალალო შედეგამდე მივიდეს.

ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნიდან:
  • აღნიშნული სინდრომის მანკიერი წრიდან გამოსასვლელად ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად - საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ - ცილოვანი შიმშილი - გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას.
  • არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა.
  • შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად, იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.

„მოვუწოდებთ მმართველ "ქართულ ოცნებას", აღიაროს სიტუაციის სიმძიმე და შესაძლო შეუქცევადი შედეგები... ყოფილი პრეზიდენტის არასათანადო მოპყრობა ან სიკვდილი საქართველოს მთავრობისთვის იქნება ლაკმუსის ტესტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით ისევე, როგორც ევროპის მნიშვნელოვანი მისწრაფებების ფონზე“, - წერია ევროპის სახალხო პარტიის - EPP-ის მიერ 5 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლებას უკავშირდება გერმანელი ევროპარლამენტარის, ასევე EPP-ის წარმომადგენლის, მიხაელ გალერის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებაც.

„საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს გარანტი, რომ მიხეილ სააკაშვილს გაეწევა საუკეთესო ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება, რადგან მათ ეკისრებათ მთელი პასუხისმგებლობა მისთვის [სააკაშვილისთვის - რთ] ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. არ არის საჭირო ცნობილი ექიმების შეფასების პოლიტიზება და ეჭვის შეტანა მათ რეკომენდაციებში“, - დაწერა ევროპარლამენტარმა 5 მაისს.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ დრო არ ითმენს და აუცილებელია მისი წაყვანა საზღვარგარეთ, რადგან საქართველოში მსგავსი პაციენტის კომპლექსურად და სრულფასოვნად მკურნალობის შესაძლებლობა არ ეგულებათ.

გიორგი ჩალაძე გვეუბნება, რომ სააკაშვილს სპეციფიკური მკურნალობა დასჭირდება ფრენისთვის მოსამზადებლადაც, რადგან ამ მდგომარეობაში მან შესაძლოა მგზავრობა ვერ გადაიტანოს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG