Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: რუსულ ძალებს სოლედარი სრულად არ დაუპყრიათ


დანგრეული შენობები ქალაქ სოლედარში. 2023 წლის 10 იანვარი
დანგრეული შენობები ქალაქ სოლედარში. 2023 წლის 10 იანვარი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსულ ძალებს დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი სრულად არ დაუპყრიათ, მიუხედავად რუსეთის ცრუ განცხადებებისა, რომ ქალაქი დაეცა და გარდაუვალი გახდა ბახმუტის ალყაში მოქცევაც.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რთულია იმის შეფასება, რომელი მხარე აკონტროლებს სოლედარის ამა თუ იმ ნაწილს, რადგან ქუჩის ბრძოლებისას სიტუაცია შესაძლოა, ძალიან სწრაფად იცვლებოდეს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებითვე, სოლედარზე სრული კონტროლის დამყარების შემთხვევაშიც კი, რუსეთი ვერ შეძლებს, რომ ბახმუტი ალყაში დაუყოვნებლივ მოაქციოს.

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა წუხელ განაცხადა, რომ ამ დაჯგუფების „ქვედანაყოფებმა კონტროლქვეშ აიღეს სოლედარის მთელი ტერიტორია“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომელიც სოლედარზე კონტროლის დაკარგვას დაადასტურებს.

ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს სოლედარის დამცველმა უკრაინელმა სამხედრომ უთხრა, რომ ქალაქში კრიტიკული სიტუაციაა და დაღუპულთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ აღარავინ ითვლის. მისი ინფორმაციით, შენობები ხან ერთი და ხან მეორე მხარის ხელში გადადის და 10 იანვრის საღამოს მდგომარეობით გაურკვეველი იყო, სოლედარის რა ნაწილს აკონტროლებენ რუსები.

უკრაინის ხელისუფლებამ 9 იანვარს დაადასტურა, რომ რუსეთი ძლიერ შეტევას აწარმოებს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე. ოფიციალური პირების თანახმად, რუსმა სამხედროებმა სოლედარში გადაჯგუფება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოსკოვმა 6-7 იანვარს, ცალმხრივად გამოაცხადა ე.წ. საშობაო ზავი.

10 იანვარს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური იუწყებოდა, რომ რუსეთმა სოლედარში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია და სავარაუდოდ, ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებს. სოლედარი მდებარეობს ქალაქ ბახმუტთან, რომლის დაპყრობა, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთის მთავარ ოპერატიულ ამოცანად რჩება, თუმცა, ზეწოლის გაძლიერების მიუხედავად, უახლოეს ხანში ვერ შეძლებს ბახმუტის ალყაში მოქცევას, რადგან უკრაინის სამხედრო ძალებს შექმნილი აქვთ მდგრადი თავდაცვის ხაზი.

XS
SM
MD
LG