Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ECHR-მა რუსეთს 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა "ნოვაია გაზეტასთან" დაკავშირებული ორი საქმის გამო


ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შენობა სტრასბურგში.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შენობა სტრასბურგში.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთი დაავალდებულა „ნოვაია გაზეტას“ და ჟურნალისტებს რომან ანინს, ივან ჟილინს, ლოლა ტაგაევასა და ალექსანდრ ლიტინსკის საერთო ჯამში 15 ათასი ევრო კომპენსაცია გადაუხადოს მასალებისთვის, რომლებიც რუსეთის სასამართლოებმა ცილისწამებად მიიჩნიეს.

ევროსასამართლომ გამოცემის განაცხადები ორ საქმედ გააერთიანა.

პირველი საქმე ეხება ჟურნალისტ რომან ანინისა და ივან ჟილინის ორ პუბლიკაციას. ანინის მიერ დაწერილ მასალაში „‘პრინცესა ოლგას’ საიდუმლო“ მოთხრობილია, რომ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინი დაკავშირებულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძვირფას იახტასთან. 2016 წელს მოსკოვის სასამართლომ ეს მასალა რუსი მილიარდერის ღირსების შემლახველად მიიჩნია.

მეორე პუბლიკაციაში, „ხუსნიდინმა უნდა აღიაროს, რომ სახლი ააფეთქა“, მოთხრობილია ფსბ-ს თანამშრომლების მიერ ხუსნიდინ ზაინაბიდინოვის წამების შესახებ.

მეორე საქმე, რომელთან დაკავშირებითაც ევროსასამართლომ რუსეთს „ნოვაია გაზეტასთვის“ კომპენსაციის გადახდა დააკისრა, ეხება ლოლა ტაგეავასა და ალექსანდრ ლიტინსკის მასალას ოპოზიციონერების წინააღმდეგ პროვოკაციებისა და ამასთან კრემლთან დაახლოებული ახალგაზრდული მოძრაობა „ნაშის“ კავშირის შესახებ.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამივე შემთხვევაში განმცხადებელთა მიმართ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც აზრის გამოთქმის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG