Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სამარცხვინოდ გვსჯიან და გვაკნინებენ“ - სასწრაფო დახმარების ექიმები ისევ ქუჩაში გამოდიან


სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმები და მძღოლები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. უკვე თვეებია ისინი ხელფასების მომატებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებსა და პენსიის განსაზღვრას უშედეგოდ ითხოვენ. გასულ წელს გამართული არაერთი საპროტესტო აქციისა თუ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მიუხედავად, მათი მოთხოვნები არც 2023 წელს შეცვლილა. მეტიც, როგორც ისინი ამბობენ, დამსაქმებელი და სახელმწიფო მათ იმ საპროტესტო აქციების გამო „სჯის“, რომლებიც გასულ წელს იმართებოდა და თუკი მაგალითად, წინა წლებში ისინი 100%-იან მეცამეტე ხელფასს იღებდნენ, დეკემბერში მათ მეცამეტე ხელფასის მხოლოდ 70% ჩაერიცხათ.

თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არ არის ის, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლების ნაწილი თვლის, რომ ისინი აქტიურობის გამო დამსაქმებლებისგან „სამაგიეროს იღებენ“.

მაგული ებიტაშვილი უფროსი ექიმია. ის 11 წელზე მეტია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომელია და მისი ყოველთვიური ხელფასი ხელზე დაახლოებით 1100 ლარს შეადგენს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასი მათი 24-საათიანი მორიგეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. რამდენიმე თვის წინ დადგენილი წესის თანახმად, მათ ახლა თვეში მხოლოდ 7-ჯერ ან 8-ჯერ შეუძლიათ მორიგეობა. თითო მორიგეობაში უფროსი ექიმისთვის 175 ლარია გამოყოფილი. უმცროსი ექიმისთვის უფრო ნაკლები. მიღებული ხელფასიდან უწევთ მათ ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურის გადასახადიც.

მაგული ერთ-ერთია, რომელიც გასული წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა საპროტესტო აქციაში იღებს მონაწილეობას, თუმცა, როგორც გვეუბნება, ამ თვეების განმავლობაში, მათმა ხმამ და მოთხოვნებმა ვერც უშუალო დამსაქმებლისა და ვერც ხელისუფლების ყურამდე ვერ მიაღწია:

მაგული ებიტაშვილი
მაგული ებიტაშვილი

„პრემიერის გაცხადებით, იანვრიდან საჯარო სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანს 10%-ით გაეზრდება ხელფასიო. ეს 10% იცით რა არის? ზღვაში წვეთი. იმის მაგივრად, რომ ჩვენს აქციებს შედეგი გამოეღო, ხელფასი გაზრდილიყო, ღირსეული პენსია მიგვეღო, ყველაფერი უკუღმა მოხდა. ხელფასი იგივე დაგვრჩა, სამაგიეროდ მორიგეობის რაოდენობა შეგვიზღუდეს. თუკი ადრე ექიმს ან მძღოლს, რომელსაც ეს ხელფასი არ ჰყოფნიდა, შეეძლო მორიგეობა დაემატებინა და ამით ცოტა მეტი ხელფასი გამოემუშავებინა, რამდენიმე თვის წინ, ეს უკვე ოფიციალურად აგვეკრძალა. ექიმები და მძღოლები, რომლებსაც ბანკებში ვალები და სხვა ვალდებულებები აქვთ, შვიდ-რვა მორიგეობაზე დატოვეს. ექვსი მორიგეობის თანხას რომ ბანკში იხდი, ოჯახში რაღა უნდა მიიტანო“.

მაგული ებიტაშვილი ამბობს, რომ წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშეც დარჩნენ:

„ორი წლის წინ, როგორც იქნა მივაღწიეთ იმას, რომ სახელმწიფო 19 ლარით გვიფინანსებდა ჯანმრთელობის დაზღვევას და გვქონდა კერძო დაზღვევა, მაგრამ წელს არცერთი პროვაიდერი აღარ შემოიყვანეს და პირველი იანვრიდან დავრჩით დაზღვევის გარეშე. ამ თოვასა და ქარში, არავის გვინდოდა ქუჩაში გამოსვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს მოთხოვნებს - ხელფასის 100%-ით გაზრდას, ღირსეულ პენსიას, დირექციის მხრიდან მოჰყვა პერმანენტული და სამარცხვინო ზეწოლა“, - ამბობს მაგული ებიტაშვილი.

„სირცხვილია, როცა ექიმი გამოდის ქუჩაში და ითხოვს საჭმლის ფულს, აი, ამას ვითხოვთ. არ შეიძლება 1000 ლარზე მუშაობდეს ექიმი“, - გვეუბნება ქეთევან გაგნიძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თბილისის მესამე ფილიალის ბრიგადის უფროსი ექიმი, რომელიც სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

მისი მტკიცებით, სასწრაფო დახმარების ექიმების „დასასჯელად და დასაკნინებლად“, დამსაქმებელმა რამდენიმე თვის წინ კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდების წესი შეცვალა, რის გამოც გამოცდაზე გასული ექიმების დიდი ნაწილი გამოცდის ჩაბარებას ვეღარ ახერხებს. ეს კი დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, რომ მათ არათუ ხელფასი გაუზარდოს, არამედ სამსახურიდან გაათავისუფლოს კიდეც.

ქეთევან გაგნიძემ საკვალიფიკაციო გამოცდა გაზაფხულზე უნდა ჩააბაროს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში ჩაბარებულ ტესტებში, როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში, ის უმაღლეს ქულებს იღებდა, ახლა უკვე წინასწარ იცის, რომ ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს.

როგორც ექიმი გვიხსნის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში დასაქმებული თანამშრომლები ორ წელიწადში ერთხელ გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ სავალდებულო ტრენინგსა და ტესტირებას, რისი წარმატების ჩაბარების შემთხვევაშიც, მომდევნო ორი წლის ვადით სერტიფიკატს იღებენ. თუმცა, ოქტომბრის მიწურულს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო ცენტრმა გამოცდების ჩაბარების სისტემა შეცვალა და ეს სისტემა ექიმების უმეტესი ნაწილისათვის გადაულახავ ბარიერად აქცია.

ქეთევან გაგნიძე
ქეთევან გაგნიძე

„რა თქმა უნდა, არანაირად არ ვართ წინააღმდეგნი, რომ კვალიფიკაცია ავიმაღლოთ, სიახლეები ავითვისოთ, რადგან ჩვენი საქმე მუდმივ განახლებასთან არის დაკავშირებული, ამ ყველაფერს ფეხი უნდა ავუწყოთ და აუცილებელია ტრენინგის გავლაც და საკვალიფიკაციო ტესტების ჩაბარებაც, მაგრამ როდესაც ამ პროცესს ეძლევა ისეთი გამოცდის სახე, რომელიც ორიენტირებულია ექიმის ჩაჭრაზე, დაკნინებაზე, რომ მერე შენ ხელფასი აღარ მოითხოვო, ეს არ არის სწორი. არ შეიძლება ადამიანმა გაიარო რვადღიანი ტრენინგი და რვა დღის მერე, ვერც ერთმა ექიმმა ვერ ჩააბაროს ტრენინგი. ორი წლის წინ მე სწორედ ამ ტრენინგ ცენტრში ჩავაბარე გამოცდა და უმაღლესი ქულები მივიღე როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. იმ ექიმების უმრავლესობამ, რომლებმაც ორი წლის წინ მიიღეს უმაღლესი შეფასებები, ახლა ზღვარიც კი ვერ გადალახეს, რაც აბსურდია. ტრენინგს, რომელსაც 30 ექიმი ესწრება და შემდეგ 30-ივე იჭრება ან მხოლოდ ერთი აბარებს, ეს ნიშნავს, რომ ან ტრენინგია ცუდი და ან სპეციალურადაა ტესტები ასე შედგენილი, რომ შემდეგ გვითხრან, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრეტენზია მაღალ ანაზღაურებაზე, რადგან არ ვართ პროფესიონალები. ექიმები, რომლებიც კლინიკებში მუშაობენ, თავისი საქმის პროფესიონალები არიან, ელემენტარულ თეორიას ვერ აბარებენ, რაც აბსოლუტურად გაუგებარია“.

როგორც ქეთევან გაგნიძე ამბობს, ექიმებს გამოცდის ჩასაბარებლად სამი ცდა აქვთ. მეორე და მესამე ცდისთვის მათ უკვე ფასიანი ტრენინგი უნდა გაიარონ.

8 წელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მძღოლად მუშაობს ზაზა ბერიაშვილი. მისი ყოველთვიური შემოსავალი 800-დან 900 ლარამდე მერყეობს. თუკი გასულ წლებში ის ცოტა მეტი შემოსავლის გამომუშავების მიზნით დამატებით მორიგეობებს იღებდა, ახლა ამის უფლება აღარ აქვს:

ზაზა ბერიაშვილი
ზაზა ბერიაშვილი

„ჩვენ ზედმეტი მუშაობა და ღამის თენება კი არ გვეხალისება, არ გვინდა მორიგეობების დამატება, ჩვენ ხელფასის გაზრდა გვინდა. არაფერში გვყოფნის ეს ხელფასი. სტუდენტი შვილები მყავს, სანამ დაამთავრებენ, სამსახურს იშოვიან, რამით ხომ უნდა ვარჩინოთ. ფასები კი ყოველ დღე იზრდება. ელემენტარული პროდუქტის საყიდელი ფულიც კი აღარ არის. ჩვენ თავიდანვე გვქონდა ლაპარაკი ხელფასის მომატებაზე. თუმცა, იმის მაგივრად რომ ხელფასი მოემატებინათ, პირიქით, დაგვსაჯეს და მორიგეობის რაოდენობები შეგვიზღუდეს. ამბობენ, 10%-ს მოგიმატებთ იანვრიდანო, რაში გვეყოფა 10%? მეორე სამსახურში ვმუშაობ, რომ რაღაც მაინც მივიტანო სახლში“.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები 11 იანვარს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფისთან შეიკრიბნენ, ის არის, რომ მათი თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები სათანადო დეზინფექციას აღარ გადიან და ამის გაკეთება მათ თავად უწევთ.

როგორც მაგული ებიტაშვილი გვეუბნება, კოვიდ-პანდემიის პერიოდში, მანქანებს სპეციალურად აღჭურვილი თანამშრომელი შესაბამისი ხსნარებით ამუშავებდა, თუმცა, იანვრიდან ეს ფუნქცია ექიმებმა და მძღოლებმა გადაიბარეს:

„თითქოს კოვიდ-ინფექცია და სხვა ვირუსული ინფექციები აღარ არის. დეზინფექციის ჩატარება ჩვენ, ექიმებს დაგვავალეს. სადეზინფექციო ხსნარი ჩვენ უნდა შევასხათ მანქანებს. ჩვენ უნდა დავქლოროთ მანქანა და ისე წავიდეთ მომდევნო პაციენტთან. მე იმ ხსნარს ისე ვერ მოვიხმარ, როგორც ამას აკეთებს სპეციალურად აღჭურვილი, მცოდნე ადამიანი. ასეთ მანქანაში ჩემი შვილის ან მშობლის ჩასმა არანაირად არ მომინდება“.

რას პასუხობს აქციის მონაწილეებს საგანგებო სიტუაციების ცენტრი?

11 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციას მალევე გამოეხმაურა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. მათი განცხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, 2022 წელს დაწესდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის უქმე დღეებში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და ის 125 % -იანი ტარიფით განისაზღვრა. ასევე შეიცვალა და გაიზარდა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურება, რაც სახელფასო საათობრივი ანაზღაურების 12 %-ით განისაზღვრა;

ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებითვე, 2022 წელს თანამშრომლებს სამჯერ დაერიცხათ სახელფასო დანამატი.

რაც შეეხება ხელფასების ზრდას, მათი განცხადებით, 2023 წლის დასაწყისიდან ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეთა ასევე ცენტრის თანამშრომელთა ხელფასები 10 % -ით გაიზარდა.

თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ კი ცენტრში აცხადებენ, რომ 2023 წლიდან არათუ გაუქმდება მათი ჯანმრთელობის დაზღვევა, არამედ პირიქით, ისინი ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტით: „ამ მიმართულებით ცენტრის ადმინისტრაცია სატენდერო პროცედურებს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ცენტრის თანამშრომლები ინფორმირებულები არიან, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცენტრის თანამშრომლებს გაუუქმდათ ჯანმრთელობის დაზღვევა არ შეესაბამება სიმართლეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, დაზღვეულია ცენტრის ავტოპარკში არსებული ყველა ავტომობილი, ხოლო ავტომობილების დასუფთავების სამუშაო ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარეობს.

ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდების სისტემაში რამდენიმე თვის წინ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

რადიო თავისუფლება შეეცადა ცენტრის ადმინისტრაციასთან დაეზუსტებინა თუ რა სახის ცვლილებები შევიდა საგამოცდო სისტემაში, რამდენმა ექიმმა გაიარა ტესტირება და მათ შორის, რამდენმა ვერ გადალახა სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელი ბარიერი, თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG