Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ნაომარ რუს სამხედროებს 2023 წლის არჩევნებზე კანდიდატებად წარადგენენ - „ვედომოსტი“


რუსი ჯარისკაცი დონის როსტოვში აღმართული ბანერის წინ
რუსი ჯარისკაცი დონის როსტოვში აღმართული ბანერის წინ

რუსეთში 2023 წელს დანიშნულ რეგიონულ არჩევნებში უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ასევე მოხალისეების წარდგენა იგეგმება, წერს გაზეთი "ვედომოსტი", რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით.

"ამ ადამიანებმა თავი წარმოაჩინეს პატრიოტებად, ასე რომ, თუ რომელიმე მათგანს სურს პოლიტიკური კარიერის გაკეთება, მაშინ მათ აქვთ ამის ყველანაირი შესაძლებლობა", - ამბობს გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრე. კიდევ ერთმა წყარომ თქვა, რომ "ყველასთვის სასარგებლოა ასეთი ბიჭების გუნდში ყოლა, რადგან საზოგადოებაში ამის მოთხოვნა არსებობს."

სახელმწიფო სათათბიროსთან დაახლოებულმა თანამოსაუბრემ გამოცემასთან აღნიშნა, რომ "შემთხვევითი არ არის, რომ ზოგიერთი დეპუტატი მოხალისედ წავიდა საბრძოლველად ახალ ტერიტორიებზე". მისივე თქმით, სამხედრო მისიის შესრულების შემდეგ ისინი შეძლებენ დაბრუნდნენ როგორც "ვეტერანები" და ამ საზოგადოებრივი სტატუსით შეუერთდნენ წინასაარჩევნო კამპანიას.

რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა თავის ტელეგრამის არხში დაწერა, რომ დეპუტატების ნაწილი უკვე ირიცხება საბრძოლო დანაყოფ „ბარსის“ ეგიდით მოქმედ „კასკადის“ ჯგუფში, რომელსაც ორგანიზაცია „საბრძოლო საძმოს“ ლიდერი დიმიტრი საბლინი ხელმძღვანელობს.

2023 წლის 10 სექტემბერს რუსეთში, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რეგიონული არჩევნები გაიმართება, რომელშიც ქვეყნის რეგიონების საკანონმდებლო ორგანოების დეპუტატებს აირჩევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG