Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 16 დასახლებულ პუნქტთან


უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მახლობლად. 2023 წლის 12 იანვარი
უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მახლობლად. 2023 წლის 12 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 2 სარაკეტო დარტყმა და 55-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

გენშტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგე შეტევაზეა ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით, სადაც ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 15 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა - საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების პირადი შემადგენლობის და საბრძოლო ტექნიკის თავმოყრის 6 რაიონი, 1 მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების 1 საწყობი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის ოპერატიულად შემოწმება ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG