Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაკოალიცია 5 ივლისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საგანგაშოდ მიიჩნევს


თბილისი. ძალადობრივი ჯგუფები 2021 წლის 5 ივლისს
თბილისი. ძალადობრივი ჯგუფები 2021 წლის 5 ივლისს

"მედიის ადვოკატირების კოალიცია" უარყოფითად აფასებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას - 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობისთვის გასამართლებული მსჯავრდადებულებისთვის სასჯელის შემსუბუქებას. მათი შეფასებით, აღნიშნული განაჩენი ჟურნალისტების, გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

"საგანგაშოა, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებების მიუხედავად, ამ დრომდე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია... მედიის ადვოკატირების კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების უფლებების ეფექტიანი დაცვა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მედიაზე ჯგუფური თავდასხმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების პასუხისგებაში მიცემა", - წერია განცხადებაში.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სიძულვილით მოტივირებული ძალადობის წამახალისებელი იყო.

"როგორც პირველ, ისე მეორე ინსტანციის სასამართლოებში პროკურატურის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობამ სასამართლოს შესაძლებლობა მისცა ბრალდებულებისთვის წაყენებული ბრალი მძიმე მუხლებიდან მსუბუქ მუხლებზე გადაეკვალიფიცირებინა. ეს შესაძლებლობა მოსამართლე თეთრაულმა სრულად გამოიყენა", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი შეუმცირა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს.

2021 წლის 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტ თანამშრომელს დაესხნენ თავს. „TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მასზე ძალადობიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

პროკურატურა აცხადებს, რომ „TV პირველის" ოპერატორის და ჟურნალისტის, ასევე პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG