Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი და ბელარუსი ოლიმპიური თამაშების მაუწყებელთა სიიდან ამოიღო


თომას ბახი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი
თომას ბახი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) 2026-2032 წლებში ევროპის რეგიონში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების ტრანსლირების ყველა უფლება ევროპის სამაუწყებლო კავშირს (EBU) და Warner Bros. Discovery-ს (WBD) გადასცა, ხოლო რუსეთი და ბელარუსი არ შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ოლიმპიადა იქნება ნაჩვენები. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

კერძოდ, EBU-მ და WBD-მა მიიღეს უფლება, აჩვენონ ზამთრის თამაშები მილანსა და კორტინე დ’ ამპეცოში (2026 წელის), ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიადა (2028 წელი) და 2030 წლის ოლიმპიური თამაშები, რომლის დედაქალაქი ჯერ არ არის არჩეული და, ასევე, ოლიმპიადა ბრისბენში, ავსტრალია (2032). საერთაშორისო ოლიმპური კომიტეტის მიერ მინიჭებული უფლებები მითითებულ პერიოდში ასევე მოიცავს ყველა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მაუწყებლობას.

EBU 2026-2032 წლების ოლიმპიური თამაშების ტრანსლირებას მოახდენს 49 ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, მოლდოვაში, ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

რუსები ამ პერიოდში ვერ იხილავენ ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ მაუწყებლობას, რადგან რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია „პირველი არხი“ და რადიო „ოსტანკინო“ გასული წლის თებერვალში, მას შემდეგ გამოვიდნენ ევროპის სამაუწყებლო კავშირიდან, რაც რუსეთს ევროვიზიაში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა.

XS
SM
MD
LG