Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ საქართველოს საზღვართან "უკრაინის ჯაშუში" დააკავა


საილუსტრაციო ფოტო: "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი
საილუსტრაციო ფოტო: "ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი

დსთ-ს წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ეჭვმიტანილია უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.

ცნობაში მითითებული არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. ასევე არ არის ცნობილი, რა მიმართულებით გადაკვეთა მან „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი.

უწყების ინფორმაციით, დაკავების შემდეგ „მამაკაცმა მობილურ მოწყობილობაში შენახული, Telegram მესენჯერში არსებული მიმოწერა წარმოადგინა, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ ის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ ფოტოებს და ვიდეოებს უკრაინულ მხარეს საკონტაქტო პირს აწვდიდა."

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და იძიებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე ("ჯაშუშობა") მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნით, წერს სააგენტო "ტასსი".

XS
SM
MD
LG