Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში განაგრძობს მოქმედებას პუტინის ბრძანებულება უკრაინაში ომისთვის მობილიზაციის შესახებ


რუსეთში განაგრძობს მოქმედებას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება უკრაინაში ომისთვის მობილიზაციის შესახებ. ეს ჩანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხიდან ფსკოვის საოლქო საბჭოს დეპუტატ არტურ გაიდუკის მიმართვაზე.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ოქტომბრის ბოლოს დასრულდა „თადარიგში მყოფი მოქალაქეებისთვის შეტყობინება და გაწვევა“. სამხედრო კომისარიატები კვლავაც აგრძელებენ არმიაში კონტრაქტორებისა და მოხალისეების შეგროვებას.

ნოემბერში გაიდუკმა პუტინს მიმართა წინადადებით, გამოეცა ბრძანებულება მობილიზაციის დასრულების შესახებ. ანალოგიური მიმართვა გაუგზავნეს პუტინს „იაბლოკოს“ დეპუტატებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან. პასუხი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მიიღო. კარელიის საკანონმდებლო სათათბიროს დეპუტატ ემილია სლაბუნოვას უპასუხეს, რომ პუტინი ხელს არ მოაწერს მობილიზაციის დასრულების შესახებ ბრძანებულებას, ვინაიდან ამისთვის არ არსებობს „იურიდიული საფუძველი“. დეპუტატ ვიქტორ ვორობიოვს კომის მხარიდან უთხრეს, რომ „სამობილიზაციო ღონისძიებები“ დასრულებულია, სამხედრო კომისარიატები კი მხოლოდ მოხალისეებს აგროვებენ.

რუსეთში მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. 28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ მობილიზაცია დასრულებულია, ვინაიდან დასახული ამოცანა შესრულდა და 300 ათასი ადამიანი მობილიზებულია. ამასთან, პუტინს ხელი არ მოუწერია მობილიზაციის დასრულების შესახებ ბრძანებულებისთვის, ვინაიდან „ის იურისტებს ეთათბირა“ და „ასეთი დოკუმენტი საჭირო არ არის“. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მობილიზაციის დასრულების შესახებ გამოქვეყნებული ბრძანებულების არარსებობა თავდაცვის სამინისტროს უფლებას აძლევს, კვლავ დაიწყოს გაწვევა.

იანვარში ბრიტანული გაზეთი The Times-ი დასავლეთის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა შესაძლოა დაიწყოს მობილიზაციის მეორე ტალღა, რომლის ფარგლებშიც ნახევარ მილიონ ადამიანამდე შეიძლება გაიწვიონ. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვამაც განაცხადა.

XS
SM
MD
LG