Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კისინჯერის თქმით, უკრაინის ნეიტრალიტეტს აზრი აღარა აქვს, ნატოში მისი წევრობა „შესაფერისი შედეგი“ იქნებოდა შექმნილ ვითარებაში


ჰენრი კისინჯერი
ჰენრი კისინჯერი

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრა ნათელყოფს, რომ უკვე აზრი აღარა აქვს კიევის შეკავებას ნატოში შესვლისგან. ასეთი განცხადება გააკეთა შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, 99 წლის ჰენრი კისინჯერმა, რომელიც ადრე მხარს არ უჭერდა ჩრდილოატლანტიკურ კავშირში უკრაინის გაწევრიანებას.

„უკრაინის ნეიტრალიტეტის იდეა ამ პირობებში უკვე აზრს კარგავს“, - აღნიშნა კისინჯერმა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩაერთო ფორუმის მუშაობაში. მან ასევე თქვა, რომ ნატოში უკრაინის წევრობა „შესაფერისი შედეგი“ იქნებოდა შექმნილ ვითარებაში.

შარშან, მაისის ბოლოს, გავრცელდა ცნობები, რომ კისინჯერმა კიევს შესთავაზა, ტერიტორიულ დათმობებზე დათანხმებულიყო რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ეს იდეა. კისინჯერი, სხვათა შორის, კვლავაც მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას „შეჭრის ხაზის გასწვრივ“, რათა არ მოხდეს ომის ესკალაცია. ამის შედეგად, როგორც დავოსში მისი განცხადებიდან ჩანს, სამშვიდობო დიალოგს შესაძლოა სხვა შეთანხმებები მოჰყვეს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა დავოსის ფორუმზე იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთმა „თავისთვის გაკვეთილი ისწავლა, როგორ მოიქცეს რუსეთთან“. უკრაინა რომ ნატოს წევრი ყოფილიყო, მაშინ ამ ქვეყანაში ახლა ომი არ იქნებოდა, აღნიშნა მარინმა. მისი სიტყვებით, სწორედ ამ მიზეზით შეიტანეს ფინეთმა და შვედეთმა განაცხადები ნატოში გასაწევრიანებლად.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს დავოსში უთხრა, რომ ევროკავშირი არ აპირებს შეასუსტოს უკრაინის დახმარება რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის პირობებში. ბრიუსელი ამ მიდგომას შეინარჩუნებს მანამდე, სანამ ეს საჭირო იქნებაო, თქვა მან. მან დასძინა, რომ უკრაინისთვის პირველი 3 მილიარდი ევროს გამოყოფა, რაც ნაწილია 18-მილიარდიანი საერთო პაკეტისა, უკრაინის ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერის „მტკიცე სიგნალია“.

XS
SM
MD
LG