Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დნეპრში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უკრაინას დააკისრა


რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია
რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ უკრაინა დაადანაშაულა ქალაქ დნეპრში მომხდარ ტრაგედიასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში. 17 იანვარს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ნებენზიამ განაცხადა, რომ ენერგოობიექტისთვის ნასროლი რუსული რაკეტა ჩამოაგდო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომლის დანადგარი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით იყო განთავსებული ქალაქის საცხოვრებელ რაიონში. როგორც ნებენზიამ თქვა, უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს რომ მისდევდეს, ტრაგედია არ მოხდებოდა.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობამ სარაკეტო დარტყმიდან მალევე განაცხადა, რომ სახლს, სავარაუდოდ, მოხვდა რუსული რაკეტა Х-22, რომლის მოგერიების საშუალებები უკრაინას არ გააჩნია.

14 იანვარს, უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევისას ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ დნეპრში მოხვდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლს. დაიღუპა 45 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი.

ტრაგედიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 17 იანვარს დასრულდა. მისი შედეგები და მიმდინარე გამოძიების დეტალები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გააცნეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელებმა. უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ინფორმაციით, რაკეტის ფრაგმენტების იდენტიფიცირების წინასწარი შედეგებით, დნეპრში საცხოვრებელ სახლს მოხვდა Х-22 ტიპის, ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა, რომელიც აქვს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ერთადერთ ქვედანაყოფს - შორეული ავიაციის ბომბდამშენთა 52-ე პოლკს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლს, დიდი ალბათობით, მოხვდა რუსული ბომბდამშენიდან, Tu-22M3-დან ნასროლი გემსაწინააღმდეგო რაკეტა AS-4 KITCHEN. ნატოს კლასიფიკაციით ასე აღინიშნება რუსული რაკეტა Х-22.

ბრიტანული დაზვერვა სიცრუეს უწოდებს რუსეთის განცხადებებს, რომ სახლს მოხვდა არა მისი, არამედ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რაკეტა Х-22 სახმელეთო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმისთვის გამოუსადეგარია, რადგან მისი რადიოლოკაციური სისტემა ქალაქის ტიპის დასახლებებში სამიზნეებს ერთმანეთისგან ცუდად არჩევს.

XS
SM
MD
LG