Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის 12 პირობა: სად ვართ ახლა GRASS-ის შეფასებით?


ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის წინ. 3 ივლისი, 2022 წელი
ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის წინ. 3 ივლისი, 2022 წელი

“...12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით”, - თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის მიწურულს, წლიური ანგარიშის წარდგენისას.

საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს სხვანაირად ხედავს სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი. “რა გააკეთა საქართველომ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად და სად ვართ ახლა?“ - ორგანიზაცია GRASS-მა ეს საკითხი პუნქტებად შეაჯამა. მათი შეფასებით, 12-დან მხოლოდ ერთი პუნქტია შესრულებული, 6 - შეუსრულებელი, დანარჩენი კი მეტწილად, ან ნაწილობრივ შესრულებული.

“ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე, რომელიც მკვლევრის სტატუსით მონაწილეობდა GRASS-ის დოკუმენტის შექმნაში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უფრო მნიშვნელოვანია, ევროკომისიამ დაინახოს ამ რეკომენდაციების შესრულების პოლიტიკური ნება და ქვეყნის მოძრაობის ტრაექტორია.

“მე ვფიქრობ, ევროკომისია შეხედავს ზოგადად, არა ერთ კონკრეტულ პუნქტს, რა შესრულდა და რა - არა, არამედ, საერთო ჯამში, დინამიკას და მოძრაობის ტრაექტორიას. იქ არის საკითხები, რომელზედაც შეიძლება, ჩაითვალოს, რომ შესრულდა, მაგრამ იყოს დარჩენილი საკითხები, მაგალითად, 5 ივლისის თემა, რაც თუკი არ მოგვარდა, არ შეიძლება, ჩაითვალოს სრულად შესრულებულად. ასევე, არის თემები, რაზედაც ევროკავშირში არაა მოლოდინი, რომ სრულად შესრულდება, მაგალითად, ესაა მართლმსაჯულების გამჭვირვალობა, დროის ფაქტორის გამო, უბრალოდ, აქ არის მნიშვნელოვანი, ევროკავშირმა დაინახოს პოლიტიკური ნება, რომ ეს ყველაფერი შესრულდეს”, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე. კითხვაზე, რისი შესრულების გარეშე ვერ მიიღებს საქართველო სტატუსს, იგი ასახელებს ომბუდსმენის არჩევის თემას. “[ომბუდსმენის არჩევა] უკავშირდება დეპოლარიზაციის თემას, აქ საჭიროა თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის თემას. თუ ეს ყველაფერი არ იქნება, ნაწილობრივ შესრულებულად ჩაითვლება, ანუ ძალიან საკვანძო საკითხია”.

#1 დეპოლარიზაცია

19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის.

ანგარიშში შეფასებულია, რომ ეს პუნქტი არ შესრულდა და, მეტიც, პოლიტიკური პოლარიზაცია გაიზარდა.

სად ვართ ახლა?

  • “ქართული ოცნება აცხადებს, რომ ეს პრიორიტეტი ოპოზიციამ უნდა შეასრულოს და არა მთავრობამ;
  • ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ თავდასხმები უფრო ინტენსიურია;
  • ქართულმა ოცნებამ ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა. ამასთან, ის დასავლეთს ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კრიტიკულ მედიას საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის სურვილში ადანაშაულებს;
  • ოპოზიცია ქართულ ოცნებას ხშირად “რუსეთის მონებს" და “მოღალატეებს” ეძახის;
  • პარლამენტის თავმჯდომარემ პოლარიზაციის შესახებ მონიტორინგის ჯგუფი შექმნა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება შარლ მიშელის შეთანხმების შესაბამისად არ მომხდარა;
  • საარჩევნო ბარიერი 2%-მდე არ შემცირებულა;
  • 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის საჭირო კანონმდებლობის შემუშავებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ყველა ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა“.

#2 საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები

ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, მათი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულების გაძლიერება, საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერება.

ორგანიზაცია ამ პუნქტს ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნევს ცესკოს თავმჯდომარის ვერარჩევის გამო.

სად ვართ ახალა?

  • “ქართული ოცნების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შევიდა;
  • მიიღეს ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, მათ შორის, ბიულეტენების ელექტრონულ დათვლაზე, პარტიების დაფინანსებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, საარჩევნო ადმინისტრაციაზე, საჩივრებზე, გადათვლაზე, მარკირებაზე, არჩევნების დაკვირვებაზე;
  • პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია;
  • გენერალური აუდიტორის დანიშვნის წესის ცვლილება არ განუხილავთ;
  • ქართულმა ოცნებამ საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირების პირობად კანდიდატის სტატუსის მიღება დაასახელა“.

#3 დამოუკიდებელი სასამართლო

მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია... იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა. გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურის ცვლილება.

GRASS-ის მოსაზრებით, არც ეს პრიორიტეტი არ არის შესრულებული, რადგან გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილების მიუხედავად, მოსაგვარებელი რჩება, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნის გადახედვა და იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების დანიშვნა.

სად ვართ ახლა?

  • “ქართულმა ოცნებამ სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა და ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნა;
  • ინიცირებულ პაკეტს ყველა ოპოზიციური პარტია აკრიტიკებს;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მათი რეკომენდაციების უმეტესობა არ გაითვალისწინა;
  • გენერალური პროკურორის დანიშვნის პროცედურა ქართულ ოცნებასა და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსით შეიცვალა;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს“.

#4 ანტიკორუფციული ზომები

გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა. საგულდაგულოდ გადაიჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები. აღიჭურვოს ახლად დაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება.

დოკუმენტში მეოთხე პრიორიტეტი მიჩნეულია ნაწილობრივ შესრულებულად, რადგან ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია, რომ ის იყოს დამოუკიდებელი მთავრობისგან, ასევე უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქცია.

სად ვართ ახლა?

  • “ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ანტიკორუფციულ ბიუროზე სამართლებრივი ცვლილებები მიიღო;
  • ბიუროს ხელმძღვანელს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ შერჩეული იქნება კონკურენტული პროცესით, სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით;
  • ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია, რომ ანტიკორუფციული ბიურო საგამოძიებო ფუნქციებით აღეჭურვა;
  • იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური გარანტიები ცვლილებით გაფართოვდება”.

#5 დეოლიგარქიზაცია

დეოლიგარქიზაციის პირობის ერთგულება, რაც მიღწეული უნდა იყოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია შეუსრულებლად მიიჩნევს დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას. მათი შეფასებით, ამ მხრივ, საჭიროა ისეთი ინსტიტუციური რეფორმები, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ხელისუფლებაზე ოლიგარქიულ კონტროლს. სამოქალაქო სექტორის აზრით, ამ მიზნის მისაღწევად ევროკომისიის 12 მოთხოვნიდან, დანარჩენი 11-ის სრულად შესრულებაა საჭირო.

სად ვართ ახლა?

  • “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ორი მოსმენითაა მიღებული და გადაეგზავნა ვენეციის კომისიას;
  • ნაციონალური მოძრაობის წარდგენილი კანონპროექტი არ განხილულა და ვენეციის კომისიაში არ გაგზავნილა;
  • არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგნი არიან, რადგან, მათი აზრით, ეს მხოლოდ ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის მხარდამჭერებს შეეხება”.

#6 ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და სამართალდამცავი უწყებების ზედამხედველობა.


ევროკომისიის ეს პრიორიტეტი მეტწილად შესრულებულად ითვლებაო, წერს GRASS-ი. მათი შეფასებით, გამოწვევად რჩება სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის საკითხები.

სად ვართ ახლა?

  • “ამ თემაზე სამუშაო ჯგუფმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ არსებული სიტუაცია შეაფასა;
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც 76 გადასადგმელ ნაბიჯს მოიცავს, მაგალითად, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, ტრეფიკინგი და ფულის გათეთრება, კიბერდანაშაულები და ტერორიზმის დაფინანსება. განისაზღვრა პასუხისმგებელი ორგანოები და მათი შესრულების ვადები;
  • სამართალდამცავი უწყებების ზედამხედველობის გაძლიერების მხრივ რეგლამენტი შეიცვალა”.

#7 მედიის თავისუფლება

უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს შექმნისთვის. მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლისსამართლებრივი პროცედურები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს; ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარის შემთხვევებზე.

დოკუმენტის ავტორები შესრულებულად არ მიიჩნევენ არც მე-7 პრიორიტეტს მედიის თავისუფლებაზე. მათი თქმით, იმისათვის, რომ მედიის თავისუფლება უზრუნველყოფილი იყოს, აუცილებელია რიგი ნაბიჯები, მათ შორის, მედიის მფლობელების წინააღმდეგ გამოძიებების შეჩერება და 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ორგანიზატორების დასჯა.

სად ვართ ახლა?

  • “ქართულმა ოცნებამ დადო პირობა რომ პარლამენტი პროკურატურასა და შსს-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიმდინარე გამოძიებბეზე;
  • პარლამენტმა მიიღო კანონში ცვლილება აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შესახებ ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად;
  • სამოქალაქო საზოგადოებამ ეს კანონი გააკრიტიკა მისი მეშვიდე მუხლის გამო, რომ არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, მედია ვალდებული იქნება კომუნიკაციების კომისიის ჯარიმები გადაიხადოს მაშინაც, თუ კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოშია გასაჩივრებული“.

#8 მოწყვლადი ჯგუფების დაცვა

სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით.

ავტორების აზრით, არ შესრულდა რეკომენდაცია მოწყვლად ჯგუფებზეც. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისინი ასახელებენ 5 ივლისს ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობას.

სად ვართ ახლა?

  • “ქართული ოცნება მეშვიდე და მერვე პრიორიტეტებს აერთიანებდა და მხოლოდ შესაბამისი გამოძიებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პირობას დებს;
  • 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები არ დასჯილან;
  • მთავრობა აცხადებს, რომ აგრძელებს პოლიტიკის გატარებას, რათა გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის, მხარი დაუჭიროს ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლაში, ყველა დონეზე განათლების ხელმისაწვდომობაში, სახელმწიფო ორგანოებში სტაჟირების შესაძლებლობაში და მათ მშობლირ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში“.

#9 გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა

გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ.

ამ რეკომენდაციას მიიჩნევენ მეტწილად შესრულებულად, რადგან ცვლილებების მიუხედავად, გაუპატიურების განმარტება სტამბოლის კონვენციის შესაბამისად არ შეცვლილა.

სად ვართ ახლა?

  • “პარლამენტმა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონებში ცვლილებები მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო;
  • მთავრობამ მიიღო დადგენილება ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის შესახებ;
  • სახელმწიფო მომსახურებით სარგებლობის საჭიროებისას მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა გაუქმდა;
  • პარლამენტმა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია მიიღო;
  • ცვლილებებს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მხარს უჭერენ;
  • გაუპატიურების განმარტების შეცვლის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს, რაც გამოწვევად რჩება“.

#10 სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაღალ დონეზე უნდა ჩაერთოს.

GRASS-ის შეფასებით, ეს პირობა ნაწილობრივ არის შესრულებული - მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ არასამთავრობოები სამუშაო ჯგუფებში ჩართო, მათი რეკომენდაციების უმეტესობა არ გაითვალისწინა. ავტორები ამ ფაქტორს უმატებენ მმართველი გუნდის მუდმივ შეტევებს სამოქალაქო სექტორზე.

სად ვართ ახლა?

  • “არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში მიწვეულები იყვნენ, თუმცა შეზღუდული წარმომადგენლობით;
  • ქართულმა ოცნებამ საარჩევნო საკითხებზე არსებულ სამუშაო ჯგუფში ISFED-ის მონაწილეობა დაბლოკა;
  • ქართული ოცნებისა და სამთავრობო მედიის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანია გრძელდება - მათ ევროინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლასა და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებენ, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათ ფინანსებსა და ქვეყნისადმი ერთგულებას. ამ კუთხით, კვლევაში მოყვანილია პოლიტიკური ჯგუფის, “ხალხის ძალის“ ინიციატივა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის შემუშავებაზე".

#11 ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება

მიიღონ კანონი, რომლის თანახმად ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში.

მეთერთმეტე პრიორიტეტს ერთადერთ შესრულებულ პირობად მიიჩნევენ ავტორები, რადგან შესაბამისი კანონპროექტები მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო პარლამენტმა.

სად ვართ ახლა?

  • “პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ქართულ სასამართლოებს პროაქტიულად გაითვალისწინონ ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში მოსამართლეთა კომპეტენცია გაიზრდება;
  • საქართველოს სასამართლოებში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც მოსამართლეებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზს მიაწვდის;
  • ცვლილებები ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერითა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მიიღეს”.

#12 დამოუკიდებელი სახალხო დამცველი

უზრუნველყოფილ იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ.

2022 წელს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია, სწორედ ამიტომ ამ პირობას შეუსრულებლად მიიჩნევენ კვლევის ავტორები.

სად ვართ ახლა?

  • “პარლამენტში ყველა კანდიდატის საჯარო მოსმენა გაიმართა;
  • ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ყველა წარდგენილ კანდიდატს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების კანდიდატებს;
  • ქართულმა ოცნებამ საჯაროდ განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორის კანდიდატების, გიორგი ბურჯანაძის და ანა აბაშიძის კანდიდატურების მხარდაჭერას არ აპირებენ;
  • ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსის მოსაძებნად და სახალხო დამცველის მრავალპარტიული მხარდაჭერით ასარჩევად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თუმცა, 2022 წლის დეკემბერში პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა ვერ შეძლო.

ევროკომისია გაზაფხულზე შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას, ხოლო მისი დასკვნა 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება. ამის შემდეგ, წლის ბოლომდე ევროკავშირის ლიდერები, ევროპული საბჭო შეაფასებს საქართველოს პროგრესს.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG