Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა არიე დერის გამინისტრება, ამან შესაძლოა ახალი არჩევნები გამოიწვიოს


არიე დერი
არიე დერი

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაბლოკა ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია „შასის“ ხელმძღვანელის, არიე დერის დანიშვნა მინისტრის პოსტზე. მიზეზი გახდა პოლიტიკოსის მიმართ 2021 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ გაზეთი „ჰაარეცი“ იტყობინება. სასამართლო გარიგების ფარგლებში დერიმ პირობა დადო, რომ პოლიტიკას ჩამოშორდებოდა. პარტია „შასი“ მმართველ კოალიციაში შედის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს მისი დაშლა და ახალი, ოთხი წლის განმავლობაში მეექვსე, არჩევნების დანიშვნა.

დერი წინათ ისრაელის სხვადასხვა მთავრობების შემადგენლობაში იყო ეკონომიკის მინისტრი და ნეგევისა და გალილეის განვითარების მინისტრი. 2000 წელს მას რეალური ვადით პატიმრობა მიესაჯა კორუფციისთვის, 2021 წელს კი - პირობითი პატიმრობა - გადასახადებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის. ახალ მთავრობაში მინისტრის პოსტზე პოლიტიკოსის დანიშვნის დაბლოკვის მოთხოვნით უზენაეს სასამართლოს მიმართა მოძრაობამ ხელისუფლების სისუფთავისთვის. 11 მოსამართლიდან 10-მა მხარი დაუჭირა იმას, რომ მინისტრად დერის დანიშვნა „უკიდურესად მიუღებელი“ იქნება.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას. „შასის“ წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ გავლენ მმართველი კოალიციიდან, თუკი მათი ლიდერი მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩება. ეს კი ახალი არჩევნების დანიშვნას გამოიწვევს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „შასში“ განაცხადეს, რომ შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს „თორის ბრძენთა საბჭო“. ისრაელის პრესაში უშვებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ შესაძლოა გამონახოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის გზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG