ევროპის კავშირის პარლამენტის უმრავლესობა მოწოდებით გამოდის, შეყვანილ იქნეს ევროკავშირის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ამის შესახებ იტყობინება გერმანიის რადიო.
ამ მოთხოვნის საფუძვლად განაცხადში მოყვანილია კორპუსის „ტერორისტული საქმიანობა,“ დემონსტრაციების ჩახშობა და რუსეთისთვის დრონების მიწოდება.
ევროპარლამენტის მოთხოვნას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა და არ გააჩნია იურიდიული ძალა.
ირანმა 19 იანვარს გააფრთხილა ევროკავშირი, რომ ის „საკუთარ ფეხში ტყვიას დაიხლის,“ ანუ საკუთარ თავს ავნებს, თუ კორპუსს ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხავს.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ისლამური რევოლუციის გვარდია ოფიციალური და სუვერენული ორგანიზაციაა, რომელსაც უმთავრესი როლი აკისრია ირანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში,“ - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ აბდოლლახიანმა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკურ ხელმძღვანელთან, ჟოზეპ ბორელთან სატელეფონო საუბარში.
ევროკავშირს მიმართ გამოითქმის საყვედური, რომ ის საკმარისს არ აკეთებს ირანის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებისთვის.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შარშან დეკემბერში თქვა, რომ კორპუსის ტერორისტულ ჯგუფად გამოცხადებას სამართლებრივი წინაღობები აქვს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ახლახან განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, ზეწოლა გააძლიეროს, განსაკუთრებით გუშაგთა კორპუსზე.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სამხედრო, კარგად შეიარაღებული ელიტური შენაერთია, რომელსაც ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა აქვს ირანში.