Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ჯერ კიდევ ცოცხალია


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული „უკრაინული საუზმის“ პანელზე ვიდეოზარის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მთლად კარგად ვერ ხვდება, ვინ იღებს დღეს კრემლში გადაწყვეტილებებს და "საერთოდ ცოცხალია თუ არა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახსენა პუტინის სატელევიზიო გამოსვლა, რომელიც ზოგი სპეციალისტის მოსაზრებით, ჩაიწერა მოგვიანებით ნაჩვენები ფონისგან განსხვავებულ ადგილას. ასეთივე იყო, ზელენსკის სიტყვებით, პუტინის საახალწლო ვიდეოც, რომლის ფონადაც რუსეთის არმიის სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები გამოიყენეს. ზელენსკის სიტყვებით, პუტინი ეკრანებზე სპეციალურ ფონზე ჩნდება, რომელზეც მოგვიანებით ვიდეორედაქტორის მეშვეობით ნებისმიერი გამოსახულების დადებაა შესაძლებელი. ამიტომ გაუგებარია, "ის საერთოდ ცოცხალია თუ არა".

დღეს მე მთლად კარგად არ მესმის, ვისთან ვილაპარაკო და რაზე. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის ის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ქრომაკზე (ერთი ტონალობის მქონე ფონი ვიდეომონტაჟისთვის ) ჩნდება, რომ ეს ის არის. მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ცოცხალია ან რომ ის იღებს გადაწყვეტილებს, ან ვინ იღებს იქ გადაწყვეტილებებს, ხალხის რომელი წრე, მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. კარგად არ მესმის, როგორ შეიძლება ევროპელ ლიდერებს დაჰპირდე ერთს და მეორე დღეს დაიწყო სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ბოლომდე ვერ ვიგებ, ვისთან გვაქვს საქმე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ „მშვიდობიან მოლაპარაკებაზე", მთლად კარგად არ მესმის, ვისთან. ჩვენ ახლა თქვენთან ვურთიერთობთ - თქვენ ზუსტად იცით, ვინ ვარ, მეც ზუსტად ვიცი, თქვენ ვინ ხართ, ჩვენი ცხოვრების მოწმეები არსებობენ და თუნდაც სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდეთ, შეგვიძლია მივაღწიოთ კონსენსუსს. მეჩვენება, რომ რუსეთმა ჯერ უნდა მოძებნოს "ვინმე" და მერე შემოგვთავაზოს "რაღაც", - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი ისტორიაში დარჩება ადამიანად, რომელმაც ღრმა ორმო გათხარა რუსეთისა და უკრაინის ხალხებს შორის.

„ჩვენს შორის უფსკრული ღრმაა, მაგრამ ეს მათ გათხარეს, სწორედ პუტინი დგას ნიჩბით და ამ ნიჩბით დარჩება ისტორიაში“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის 12-მა მილიონმა ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი საცხოვრებელი. გაეროს 2022 წლის დეკემბრის პირველი რიცხვების მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა უკრაინის 6702 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 424 ბავშვი. ორგანიზაციის თანახმად, მონაცემები შესაძლოა, არ იყოს სრული.

15 ნოემბერს პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის 10-პუნქტიანი "მშვიდობის ფორმულა" წარუდგინა "დიდი ოცეულის"(G20) ლიდერთა სამიტს, რომელიც ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ჩატარდა.

ზელენსკის 10-საფეხურიანი მშვიდობის ფორმულის წინადადებები სრულად არ გასაჯაროებულა. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა დეკემბერში გაეროში განაცხადა, რომ ფორმულა მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას, კიევისთვის ომის კომპენსაციის საფასურის გადახდას, დასავლეთის ქვეყნების მიერ კიევისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაწევას, რუსულ რესურსებზე ფასების შეზღუდვას და ტერიტორიული საზღვრების აღდგენას. რუსეთში თქვეს, რომ ამ პირობების შესრულებისთვის მზად არ არიან.

უკრაინის პრეზიდენტი ხაზგასმით აცხადებს, რომ უკრაინა არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც კრემლს ძალების აღდგენის, შეთანხმების მალევე დარღვევის, ტერორის და გლობალური დესტაბილიზაციის ახალი სერიის დაწყების შესაძლებლობას მისცემს.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ნებისმიერ სამშვიდობო გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ახალი რეალობა, რომლის თანახმადაც, უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონს რუსეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG