Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია უკვე აღარ არის დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლებზე - გერმანიის ფინანსთა მინისტრი


კრისტიან ლინდნერი
კრისტიან ლინდნერი

გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტზე, ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ დამოკიდებულია ენერგიის იმპორტზე, მაგრამ ახლა ის აღარ არის დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტზე, არამედ - მსოფლიო ბაზრებზე", - თქვა ლინდნერმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიამ ენერგომატარებლების იმპორტის დივერსიფიკაცია მოახერხა, აცხადებს მინისტრი. გერმანიამ ასევე განაახლა ქვანახშირის ელექტროსადგურების ფუნქციონირება და გადადო დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის დახურვის გეგმები.

გარდა ამისა, ქვეყანაში შეიქმნა დამატებითი საცავები თხევადი ბუნებრივი აირისთვის, რომლის იმპორტი ნორვეგიიდან, შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან ხორციელდება.

"მივხვდით, რომ კანცლერ [ანგელა] მერკელის ეპოქის შემდეგ ჩვენი კონკურენტუნარიანობა უნდა გავზარდოთ. ის ეპოქა ორიენტირებული იყო, ვთქვათ, წარსულის სიძლიერეზე და ახლა ჩვენ ვავითარებთ მომავლის სიძლიერეს", - თქვა ლინდნერმა.

ადრე გერმანიას რუსეთიდან შემოჰქონდა მოხმარებული გაზის მოცულობის დაახლოებით ნახევარი და ნავთობის მესამედზე მეტი. თუმცა გასული წლის აგვისტოში რუსეთმა ქვეყანას გაზის მიწოდება შეუჩერა, მიმდინარე წლის იანვარში კი გერმანიამ რუსული ნავთობის იმპორტი შეწყვიტა.

XS
SM
MD
LG