Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღარ იდარდო, ბუბა!


„არ დაიდარდო“ (1969, სსრკ, რეჟისორი გია დანელია)

ტონინო გუერა წერდა, რომ გია დანელიას ფილმებს ყვავილების სუნი ასდის და რომ მას შეუძლია „ქართული მტვერიც“ კი ელეგანტურად წარმოგვიდგინოს. ვფიქრობ, ფელინის, ანტონიონის, როზის, ანგელოპულოსის სცენარისტი „არ დაიდარდოს“ გულისხმობდა - ვიზუალური თვალსაზრისით დანელიას გამორჩეულ ფილმს. თუმცა მხოლოდ იმიტომ არა, რომ მასში ბევრი მზე და ჰაერია. ელეგანტურობით ამ ფილმის ყველა სახეა გაჟღენთილი. არომატი კი, რომელიც ეკრანიდან იფრქვევა, გათრობს და გაბედნიერებს. არსებითად, „არ დაიდარდო“ თავიდან ბოლომდე სევდიანი ლხინია, დაახლოებით ისეთი, როგორსაც ომარ ხაიამი აღწერს - „ეს გული სევდით და ნაღველით ჭკნება და დნება, / მაშ, მოილხინე, სანამ ლხინის გეძლევა ნება“. ფილმის ცენტრალური ეპიზოდი, სერგო ზაქარიაძის გმირის, მოხუცი ლევანის გამოსამშვიდობებელი „ქელეხი“, შესაძლებელია, ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო დანელიას, არამედ მთლიანად ქართული კინოს ისტორიაში. იშვიათია ჟანრების ასეთი მთლიანობა, განწყობათა ასეთი სისავსე, განსაკუთრებით სცენის ფინალში, როცა თრობა სრულდება და რეალობა, მთელი თავისი სისასტიკით, თავისი უსამართლობით, ხელახლა გამოეცხადება ლევანს. ხომ გახსოვთ, რას აკეთებს სერგო ზაქარიაძის გმირი? მოქეიფეებს ზურგს შეაქცევს, ატირდება და ფანჯარასთან მიდის. მის მოძრაობას თვალს ადევნებს ახალგაზრდა კოლეგა ბენჟამენ ღლონტი - ერთი შეხედვით, თავქარიანი კაცი, რომელიც მაინცდამაინც ვერ ერკვევა ყოფითი ცხოვრების წესებში, მაგრამ სამართლიანობის და მეგობრობის ფასი კარგად იცის. ბენჟამენი გალობას იწყებს - „შენ ხარ ვენახი“ ჯერ სუფრას მოეფინება, შემდეგ კი სწორედ იმ „მტვრიან“ პეიზაჟებს, რომლებსაც ყვავილის სუნი ასდით, და რომელსაც საქართველო ჰქვია. ასე გადაიქცევა ბუბა კიკაბიძის გმირი შუამავლად თამაშსა და ცხოვრებას, გამოგონილსა და რეალობას, პირობითსა და ნამდვილს, შეიძლება ითქვას, თეატრსა და კინოს შორის.

დიდი ქართველი არტისტის, ჭეშმარიტად სახალხო არტისტის გარდაცვალების შემდეგ ხალხმა მისი ფილმების „გადამეორება“ დაიწყო. როგორც ვხვდები, ბუბას შემოქმედებაში ყველაზე პოპულარული სახე ვალიკო მიზანდარია, გია დანელიას „მიმინოში“. საქართველოშიც, სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, უკრაინაშიც „ჩიტო-გვრიტოს“ ნებისმიერი ადამიანი დაამღერებს, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს დანელიას ეს კომედია. თავად გია დანელიას გული წყდებოდა, რომ „არ დაიდარდო“, მისი საყვარელი ფილმი, „მიმინომ“ დაჩრდილა კიდეც. მეც უნდა გავიზიარო რეჟისორის წუხილი - ბუბა სწორედ აქაა ისეთი, როგორიც მიყვარს - ჭკვიანი, მგრძნობიარე, ლაღი და, რაც მთავარია, „ნაღდი ქართველის“ იმ სტერეოტიპებისგან თავისუფალი, რომლებიც წლების მანძილზე შექმნა ჯერ საბჭოთა და შემდეგ პოსტსაბჭოთა კულტურამ. ქართულმა და რუსულმა განსაკუთრებით.

„არ დაიდარდოს“ გადაღების ისტორია საკმაოდ უცნაურია და, ცოტა არ იყოს, იდუმალებით მოცულიც. არ არის გამორიცხული, საბჭოთა კავშირში შეიტყვეს, რომ ფრანგები კლოდ ტილიეს წიგნის, „ბიძაჩემი ბენჟამენის“ ეკრანიზაციას აპირებდნენ და დაასწრეს ფილმის ავტორს, ედუარდ მოლინაროს. შეიძლება პირიქით მოხდა. ფაქტია, რომ მეცხრამეტე საუკუნის მიწერულს დაწერილი ტექსტის ორი კინოვერსია, საბჭოთა და ფრანგული, თითქმის ერთდროულად გამოვიდა ეკრანებზე. მეტიც, ორივე ფილმში ბენჟამენის როლს მომღერალი ასრულებს და არა პროფესიონალი მსახიობი, გია დანელიასთან ბუბა კიკაბიძე, მოლინაროსთან ჟაკ ბრელი. ამ არჩევანმა ფილმებზეც იმოქმედა - თითქმის ყოველთვის მელანქოლიურმა ჟაკ ბრელმა ვერაფერი მოუხერხა მოლინაროს უსიცოცხლო ფილმს. „ბიძაჩემი ბენჟამენი“ დაიკარგა კინოს ისტორიაში. „არ დაიდარდო“ კი იქცა ქართველი ხალხის თავისებურ კოლექტიურ პორტრეტად, რომლის ცენტრალური გმირი, რაღა თქმა უნდა, ბუბა კიკაბიძის ბენჟამენია.

რეზო გაბრიაძის შესანიშნავი სცენარის მიუხედავად („არ დაიდარდოს“ დიალოგები ხალხმა ფილმის ერთი ნახვით დაიმახსოვრა), თავიდან გია დანელია, როგორც ჩანს, ცდილობდა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა ლიტერატურული პირველწყაროს სტილი. შესაბამისად, ბუბას კანდიდატურაც ბენჟამენის როლზე მყისიერად დაიწუნა. დანელია ამბობდა, რომ ბუბა გარეგნულად არ უხდება ამ როლს (წიგნში ბენჟამენი მაღალი, ქერა, ცისფერთვალება კაცია), თანაც ფილმის მთავარ გმირზე არაპროფესიონალი მსახიობის დამტკიცება მეტისმეტად სარისკო იქნებოდა.

მაგრამ ბუბამ არა მარტო კარგად ითამაშა, მან შეცვალა თავად დანელიას სტილიც. „არ დაიდარდოში“ რეჟისორი, რომელმაც სახელი გაითქვა ჯერ „სერიოჟათი“ და შემდეგ ფილმით „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“, ურთულეს ჟანრს, ტრაგიკომედიას შეეჭიდა... ბუბა, თავისი „გახსნილი ღიმილით“ და სევდიანი თვალებით, იდეალურად მოერგო ტრაგიფარსის სტილისტიკას. მეტიც, „არ დაიდარდოში“ მოსკოველი რეჟისორი გია დანელია, რომელსაც საქართველოში ფაქტობრივად არც უცხოვრია, გადაიქცა ქართველად, რომელმაც თითქოს ყველაფერი იცის თავის სამშობლოზე, მაგრამ სხვა კულტურის შვილია უკვე. ბუბა კიკაბიძე აქაც შუამავლად იქცა.

„არ დაიდარდოში“ ერთიანი სიუჟეტური ხაზი არ არსებობს. დანელიას მიზანი ამბის თხრობა არ არის. მას ადამიანების ქცევა აინტერესებს. „არასტანდარტული ქცევა“ ასე თუ ისე აწყობილ გარემოში კი ღიმილს ბადებს და აძლიერებს კომიკურს. მაგრამ „არ დაიდარდოში“ ამ ღიმილს ემატება დაკარგული ბედნიერების განცდა, დაკარგული სამოთხის და შეიძლება დანელიასთვის ესოდენ მნიშვნელოვანი „დაკარგული სახლის“ განცდაც. დისტანცია, რომელსაც ინარჩუნებს ავტორი თავის გმირებთან, მოსკოველი ქართველის დისტანცია საქართველოსა და ქართველებთან - აღსავსეა ნოსტალგიით, სევდით და, რაღა თქმა უნდა, ქართველების რომანტიზებით.

„არ დაიდარდოში“ სიცოცხლის სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ იქმნება ზღვარი ბედნიერებისა, რომლის იქით დასასრულია. ვფიქრობ, სწორედ ეს აახლოებს ფილმს არა მარტო კლოდ ტილიეს წიგნთან, არამედ მთლიანად ფრანგულ კულტურასთან, ფრანგულ კინოსთან, განსაკუთრებით ჟან რენუარის ფილმებთან. „არ დაიდარდო“ ისევეა ქართული ფილმი, როგორც ფრანგული... მაგრამ აქვე ჩნდება ერთი სერიოზული პრობლემა ქართული კინოსთვის და შესაძლებელია ყველასთვის, ვინც თავს ქართული კულტურის ნაწილად გრძნობს.

რატომ უყვართ ასე ძალიან რუსებს გია დანელიას ფილმები? რატომაა, რომ დამპყრობელი ამ დღეებშიც კი, როცა საქართველო დიდ არტისტს დაემშვიდობა, ბედავს და წერს: „მან გააერთიანა რუსი და ქართველი ხალხი“, „იგი პირველ რიგში საბჭოთა არტისტია, იმ ქვეყნის შვილი, სადაც ადამიანებს ნაციონალური ნიშნით არ ჰყოფდნენ“, „არ დაიდარდო“ და „მიმინო“ - ეს ის საქართველოა, რომელიც დავკარგეთ“... მეტიც, „დიდი ბოდიში, მაგრამ კიკაბიძეს ჩვენიანად მივიჩნევთ“.

სიცოცხლის სიყვარული - გამოხატული სიმღერებში, ღვინოსა და სუფრაში, არშიყის უნარში, არტისტიზმში, ყოველთვის იზიდავდათ რუსებს საქართველოში. ბუბა მათთვის ქართველი კაცის სიმბოლოც კი გახდა. ისევე როგორც მთელი ქართული კინო, განსაკუთრებით ქართული კომედიები იქცა სრულიად საბჭოთა კავშირისთვის ქართული ხასიათის... მოდური გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, „არამატერიალურ კულტურულ ძეგლად“.

„არ დაიდარდო“ ერთგვარი დასაწყისია ქართული საბჭოთა კინოს ახალი გზის, როცა საბჭოთა აბსურდზე, ნაცრისფერ ყოფაზე, ერთფეროვნებასა და ერთნაირობაზე გამარჯვება ერთი სევდიანი ღიმილით გახდა შესაძლებელი. მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ კინო, რომელიც ცდილობდა გადარჩენილიყო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით, ნელ-ნელა ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატს დაემსგავსა.

ეზოპეს ენა და ფოლკლორულ ტრადიციებზე მიბმა ინფანტილიზმს უფრო გამოხატავდა, ვიდრე ზრდასრულობას. მერე მოვიდა დრო, როცა დამპყრობლის „მოტყუება“ საჭირო აღარ გახდა. თრობის ხანა დასრულდა. ახალმა რეალობამ გამოხატვის ახალი ფორმები მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ ასეთი ფორმები ჩვენ, უბრალოდ, არა გვაქვს. საბჭოთა სისტემაში წარმატებულ არტისტებს ახალი რეალობის აღიარება არ სურდათ. ამიტომ თაყვანისმცემელი მხოლოდ რუსეთში დარჩათ, იქ, სადაც თუნდაც „თბილისოს“ ქართულ-რუსულად შეასრულებდნენ.

მაგრამ ბუბა კიკაბიძემ ამ როლზე უარი თქვა. მან შუამავლის როლიც კი დათმო, რადგან გამოცდილება ჰქონდა და იმის ცოდნაც, რას მოითხოვს დამპყრობელი ქართველი არტისტისგან. 2008 წელს წრე შეიკრა და ბუბა კიკაბიძე დაუბრუნდა თავის ბენჟამენ ღლონტს - კაცს, რომელსაც უყვარდა სიცოცხლე. მაგრამ კიდევ უფრო მეტად უყვარდა თავისუფლება.

მოასწრო და თავისუფალი გარდაიცვალა. წუხილით უკრაინაზე და დარდით საქართველოზე. უკანასკნელ გზაზე კი სწორედ ის ხალხი გაჰყვა, ვისაც მასსავით თავისუფლება უყვარს. ზღვა ხალხი.

ასე რომ, აღარ იდარდო, ბუბა!

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG