Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეხვდებიან თუ არა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები თბილისში - მხარეები განცხადებებს აკეთებენ


ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი (მარცხნივ) და ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი (მარჯვნივ)
ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი (მარცხნივ) და ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი (მარჯვნივ)

შესაძლოა, თბილისში შედგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, შეხვედრა.

ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს, ამგვარი შეხვედრის ეფექტურობაში ეჭვი ეპარება, ამის შესახებ მან სააგენტო „არმენპრესთან“ განაცხადა.

სომხეთი ძალიან არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარებით. ჩვენ რეგიონული სამმხრივი დისკუსიების სფეროში თბილისის პლატფორმას განვიხილავთ და არა ორმხრივ სომხურ-აზერბაიჯანულ შეხვედრებს. ახლა სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის იდეა განიხილება. სომხურმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა და მსგავსი შეხვედრისთვის კვლავ მზადაა. მაგრამ, დამეთანხმებით, რომ ასეთი შეხვედრა განსაკუთრებულად ეფექტურად და პერსპექტიულად არ გამოიყურება, როდესაც შეუძლებელია სადაო ერთობლივი განცხადებების შეთანხმება, რომელიც გამოხატავდა ვალდებულებას სიძულვილის და შუღლის ენის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა მან.

მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს შეხვედრების უმაღლეს დონეზე გამართვას თბილისში სთავაზობდა, მაგრამ ერევანმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„მე ძალიან ვაფასებ ჩემი მეგობრის, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევას, რომელმაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უზრუნველყო, რომელსაც ქართველი კოლეგაც შეუერთდა. საქართველოში ლიდერთა შეხვედრის მოწყობა ჩვენი ინიციატივა იყო, ვინაიდან საქართველო იყო ისტორიულად ის ადგილი, სადაც მეზობლები ხვდებოდნენ, მაგრამ სომხეთი ამისთვის მზად არაა. ეს ერთი შესაძლო რისკია. თუ კავკასიის სამი ქვეყანა გააერთიანებს ძალისხმევას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, საზღვრების დელიმიტაციის სფეროში, რეგიონი ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება“, - თქვა ალიევმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი და დაინტერესებულია სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, შეასრულოს შუამავლის როლი რეგიონში ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობისთვის.

გასული წლის 16 ივლისს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის, შეხვედრა გაიმართა.

უფრო ადრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერის ჩართულობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG