Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონს სურს საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა


 საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამხედროების წინაშე გამოსვლისას, 20 იანვარი, 2023 წელი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამხედროების წინაშე გამოსვლისას, 20 იანვარი, 2023 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოვიდა წინადადებით, ათწლეულის ბოლომდე თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი გაზრდისა და საფრანგეთის ბირთვული ძალების ტრანსფორმაციის შესახებ მზარდი საფრთხეების დაძლევის მიზნით, იტყობინება Reuters-ი.

მაკრონი პარასკევს მონ-დე-მარსანის საჰაერო ბაზას ეწვია და იქ ფრანგი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გამოთქვა წინადადება 413 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ სამხედრო ხარჯებისთვის 2024-დან 2030 წლამდე პერიოდში, რათა, მისი თქმით, მოხდეს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფა.

2019-2025 წლების ბიუჯეტით სამხედრო ხარჯებისთვის გათვალისწინებული იყო 295 მილიარდი ევროს გამოყოფა. თავის გამოსვლაში მაკრონმა ასევე აღნიშნა ჰიბრიდული ომების საფრთხე, მზარდი კიბერშეტევები კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე და ტერორიზმის მუდმივი საფრთხე. ამას გარდა საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს, გააძლიეროს თავისი ბირთვული შემაკავებელი ძალა.

მაკრონის თქმით, ბირთვული ძალები ევროკავშირის სხვა ქვეყნებს შორის საფრანგეთს განსაკუთრებულ მდგომარეობაში აყენებენ. "საფრანგეთს ჰყავს და ეყოლება არმია, რომელიც მზადაა საუკუნის გამოწვევებისათვის", - განაცხადა მაკრონმა.

მან დასძინა, რომ პარიზი მნიშვნელოვან სახსრებს გაიღებს უპილოტო საფრენ მოწყობილობებსა და სამხედრო დაზვერვისთვის. საფრანგეთი ასევე ყურადღებას დაუთმობს თავის ყოფნას დაშორებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ახალი საფრთხეები ჩნდება, აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერის ვიზიტი სამხედრო ბაზაზე შედგა გერმანიაში უკრაინის თავდაცვის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG