Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ათეულობით ქალაქში გაიმართა აქციები ნავალნისა და სხვა რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად


ნავალნის მხარდამჭერი აქცია ბელგრადში. 21 იანვარი.
ნავალნის მხარდამჭერი აქცია ბელგრადში. 21 იანვარი.

ამ დღეებში მსოფლიოს ათეულობით ქალაქში იმართება აქციები პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისა და სხვა რუსი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად.

აქციები ტარდება რუსეთის საელჩოებთან ან ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე. მათი მონაწილეები - ძირითადად რუსეთის მოქალაქეები - გამოდიან ასევე ომის წინააღმდეგ და მხარს უჭერენ უკრაინას.

17 იანვარს ორი წელი შესრულდა იმ მომენტიდან, როცა ნავალნი დააკავეს რუსეთში მისი დაბრუნების შემდეგ. ამის მერე ოპოზიციონერი ჯერ ე.წ. „ივ როშეს“ საქმის გამო მოათავსეს კოლონიაში, შემდეგ კი ახალი განაჩენი გამოუტანეს თაღლითობის ბრალდებით და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს.

ნავალნი კოლონიის ადმინისტრაციას აბუჩად აგდებაში ადანაშაულებს იმის გამო, რომ ის მრავალჯერ გაგზავნეს სადამსჯელო იზოლატორში დარღვევებისთვის, რომლებიც, მისი თქმით, უსაფუძვლო იყო. ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას ის და მისი მომხრეები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. წამყვანმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ის პოლიტპატიმრად და სინდისის პატიმრად გამოაცხადეს.

ნავალნის თანამებრძოლებმა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს და უცხოეთში ცხოვრობენ, წამოიწყეს საერთაშორისო კამპანია #FreeNavalny. ისინი ითხოვენ „ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ნავალნის, გათავისუფლებას“, ასევე „ომის შეწყვეტას“. მოთხოვნებს შორისაა აგრეთვე დასავლეთის ქვეყნების მიერ სანქციების დაწესება დაახლოებით 6 ათასი ადამიანისთვის, რომლებიც, ნავალნის თანამებრძოლების თანახმად, დაკავშირებული არიან კორუფციასთან და უკრაინაში ომის გაღვივებასთან. ამ კამპანიის ფარგლებში ისინი რუსეთში საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებით არ გამოდიან მათი მონაწილეებისთვის საფრთხის გამო. ნავალნის მომხრეთა შტაბები რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციებად არის მიჩნეული. გარდა ამისა, ხალხის მიმართ რეპრესიები ხორციელდება ომის საწინააღმდეგო გამოსვლებისთვის.

ამასთან, რუსეთის ასობით მოქალაქემ მოაწერა ხელი ღია წერილს მოწოდებით, გაათავისუფლონ ნავალნი ან, ყველა შემთხვევაში, დაიცვან მისი უფლებები. ასეთი წერილები გამოაქვეყნა მედმუშაკების, ადვოკატებისა და მუნიციპალური დეპუტატების ჯგუფმა.

20-21 იანვარს ნავალნისა და სხვა პოლიტპატიმრების (ყველაზე ხშირად ახსენებენ ილია იაშინს, ალექსეი გორინოვს, ანდრეი პივოვაროვს) მხარდამჭერი აქციები გაიმართა ვილნიუსში, რიგაში, კოპენჰაგენში, ბერლინში, ლონდონში, სტოკჰოლმში, თბილისში, სიდნეიში, რეიკიავიკში, პრაღაში, ბუენოს-აირესსა და რამდენიმე სხვა ქალაქში - მთლიანობაში 20-ზე მეტ ქვეყანაში.

22 იანვარს აქცია გაიმართება პარიზში. მისი ორგანიზატორები არიან დამაარსებელი ორგანიზაციისა „ადამიანის უფლებებისთვის“, ლევ პონომარიოვი, და ორგანიზაცია Russie-Liberté.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG