Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკრძალეს 20 იანვრის ღამით საგარეჯოში მოკლული 3 ახალგაზრდა და პოლიციელი


ოთარ ღვინაშვილის პანაშვიდი
ოთარ ღვინაშვილის პანაშვიდი

საგარეჯოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს 2023 წლის 20 იანვრის ღამით მოკლული დავით ნასრაძე და ზაქრო მათიაშვილი. კიდევ ერთი დაღუპული ნოდარ რჩეულიშვილი კი - თბილისში.

ხუთშაბათს სოფელ ჩაილურში დაკრძალავენ 20 იანვრის ღამით მოკლულ ზაზა ჩიხლაძეს.

ახალგაზრდები მეზობლები და მეგობრები იყვნენ.

დაკრძალვამდე საგარეჯოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

20 იანვარს საგარეჯოში მოკლული დავით ნასრაძის დაკრძალვა. 24 იანვარი, 2023 წელი
20 იანვარს საგარეჯოში მოკლული დავით ნასრაძის დაკრძალვა. 24 იანვარი, 2023 წელი

დღესვე სოფელ ჩაილურში დაკრძალეს საგარეჯოს პოლიციის უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი.

რადიო თავისუფლება 48 წლის ნოდარ ათუაშვილის დასაფლავების საკითხითაც დაინტერესდა.

23 იანვარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ ათუაშვილის ცხედარი პროზექტურაში აღარ იყო.

24 იანვარს მერის წარმომადგენელმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ვანო ახალკაციშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ათუაშვილი სოფლის სასაფლაოზე არ არის დაკრძალული. ის წარმოშობით სოფელ მანავიდან იყო, მისი ნათესავები ამ სოფლში ცხოვრობენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ათუაშვილი ოჯახის ახლობლებმა 23 იანვარს დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დაასაფლავეს.

მეოთხე დღეა, მკურნალობას განაგრძობს საგარეჯოში დაჭრილი სამი პირი. მათგან ერთ-ერთის, 24 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის თქმით, პაციენტი სტაბილურად მძიმეა, თუმცა შეინიშნება მცირედი დადებითი დინამიკა.

"ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. გართულების რისკები არის მაღალი, თუმცა ამ ეტაპისთვის ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას, მცირედი დადებითი დინამიკით," - უთხრა ჟურნალისტებს ოთიაშვილმა.

პარალელურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. იკითხებიან მოწმეები.

20 იანვარს, დაახლოებით 00:00 საათზე, საგარეჯოში, "ჯეო ჰოსპიტალსთან", საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილმა სამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა იარაღიდან გასროლით მოკლა ხუთი ადამიანი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული ერთი პოლიციელი. დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG