ევროპაში მყოფი ჩეჩნური დიასპორა რესპუბლიკის დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის, ამის შესახებ მოძრაობა „ერთიანი ძალის“ თავმჯდომარემ, ჯამბულატ სულეიმანოვმა, 26 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგატების წინაშე განაცხადა. "კავკაზ რეალიის" ცნობით, მისი გამოსვლა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა "ერთიანი ძალის" თავმჯდომარის მოადგილე, არაღიარებული იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის, შვილი ანზორ მასხადოვი.
"სესიის დასრულების შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატების წინაშე გავაკეთე მოხსენება ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დეოკუპაციის შესახებ. ჩემი გამოსვლა შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი დეპუტატების მხარდაჭერით. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებისკენ", - განუცხადა სულეიმანოვმა „კავკაზ რეალიის“.
„ერთიანი ძალის“ ლიდერებთან მოლაპარაკებას გამოეხმაურა უკრაინის „ვერხოვნა რადის“ საგარეო პოლიტიკისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „დეოკუპაციის შემდეგ იჩქერია ევროსაბჭოს წევრი გახდება“.
იჩქერიის წარმომადგენლებს ბოლო წლებში PACE-ში არ იწვევდნენ. 2002 წელს, იმ დროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, პიტერ შიდერმა, სტრასბურგში მიიღო პრეზიდენტ ალან მასხადოვის წარმომადგენელი აჰმედ ზაკაევი, ჩეჩნეთის დიასპორის ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად საზღვარგარეთ მოქმედი იჩქერიის მთავრობის ხელმძღვანელი.
ზაკაევი 2010 წელს ასევე იყო მიწვეული PACE-ში, სადაც რუს უფლებადამცველებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
- გასული წლის 18 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესი რადის სხდომაზე დეპუტატებმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია აღიარეს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად და დაგმეს ჩეჩენი ხალხის გენოციდი.
- შესაბამის დადგენილებას მხარი დაუჭირა 287-მა დეპუტატმა.
- იჩქერია ჩეჩნეთის არაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც მისმა პირველმა პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა 1991 წელს. 1994-1996 წლებში, ჩეჩნეთის პირველი ომის პერიოდში, რუსეთის ჯარები შეეცადნენ, იჩქერია კვლავ რუსეთის შემადგენლობაში დაებრუნებინათ, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. საბოლოდ რუსეთმა ჩეჩნეთიდან ჯარები გაიყვანა და ფაქტობრივად აღიარა რესპუბლიკის დამოუკიდებელი ხელმძღვანელობა. 1999 წელს დაიწყო ჩეჩნეთის მეორე ომი, რომლის შედეგადაც მეამბოხეები განადგურებულ იქნენ და ჩეჩნეთი კვლავ რუსეთის კონტროლს დაექვემდებარა. 2000 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია პრაქტიკულად ლიკვიდირებულ იქნა.