Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი უკრაინას გერმანული Leopard-ების გარდა საკუთარ მოდერნიზებულ ტანკებსაც მიაწვდის


პოლონეთის არმიის ტანკი PT-91 ნატოს სამხედრო სწავლების დროს ლატვიაში. 2017 წ. 29 ოქტომბერი.
პოლონეთის არმიის ტანკი PT-91 ნატოს სამხედრო სწავლების დროს ლატვიაში. 2017 წ. 29 ოქტომბერი.

პოლონეთი უკრაინას 14 გერმანული Leopard 2-ის გარდა საკუთარ მოდერნიზებულ ტანკებსაც მიაწვდის. საქმე ეხება 60 მანქანას, რომელთაგან 30 არის პოლონეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი PT-91.

ამის შესახებ კანადის ტელეკომპანია CTV News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ტადეუშ მორავეცკიმ. მანამდე ამის თაობაზე „ტელეგრამში“ დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა. მის ცნობაში 60 ერთეულ PT-91-ზე არის ლაპარაკი.

PT-91 არის საბჭოთა Т-72-ის მოდერნიზებული ვარიანტი.

მიმდინარე კვირაში ვარშავამ ოფიციალურად მოსთხოვა ბერლინს, უფლება მისცეს მას, უკრაინას გადასცეს პოლონეთის შეიარაღებაში არსებული გერმანული Leopard-ები. მოგვიანებით გერმანიამ გამოაცხადა, რომ მესამე ქვეყნებს უკრაინაში Leopard-ების რეექსპორტის უფლებას აძლევს და რომ თავადაც გაუგზავნის კიევს A6 მოდიფიკაციის 14 ერთეულ Leopard 2-ს. ამავე დროს, 25 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 31 ამერიკულ ტანკ M1 Abrams-ს გადასცემს.

გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკებით მუშაობაში უკრაინული ეკიპაჟების წვრთნა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ჯერჯერობით გერმანიაში ჩავიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, რათა წვრთნა გაიარონ ქვეითთა საბრძოლო მანქანების, Marder-ების გამოყენებაში. უკრაინელთა ჯგუფი 26 იანვარს ჩავიდა გერმანიაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს დახმარებისთვის. ამავე დროს მან კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა შეიარაღების მიწოდების ვადებისა და მოცულობის საკითხს. „ჩვენ ისეთი სატანკო მუშტი უნდა შევქმნათ, თავისუფლების ისეთი მუშტი, რომლის დარტყმის შემდეგ ტირანია ფეხზე ვეღარ წამოდგება“, - მოჰყავს BBC-ს უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კიევი უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს დასავლური ტანკებით დახმარებას. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტანკებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბუნდესტაგში განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენისას გერმანია მისდევს პრინციპს - გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, მაგრამ არ დაუშვას ნატოსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის ესკალაცია. „ჩვენ მომავალშიც დავიცავთ ამ პრინციპს“, - აღნიშნა შოლცმა 25 იანვარს ბუნდესტაგში გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG