Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რთული ეპიდემიური ვითარება ნარჩუნდება


ფოტო არქივიდან: ცხინვალი.
ფოტო არქივიდან: ცხინვალი.

საშობაო არდადეგების შემდეგ სკოლები და საბავშვო ბაღები, რთული ეპიდემიური ვითარების გამო, ისევ იხურება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ამის მიზეზი ვირუსული ინფექციების მაღალი მაჩვენებელია. ცხინვალის სკოლა-ინტერნატი და საბავშვო ბაღი ჯავაში სრულად დახურეს. ცხინვალის მე-12 სკოლაში კი რამდენიმე კლასში გამოცხადდა კარანტინი. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ ადგილობრივ ჟურნალისტებს უთხრა.

„აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ დაავადებულთა უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვია. პირველ კვირაში ავადმყოფი ბავშვების რაოდენობამ 58% შეადგინა, ნელ-ნელა მატულობს შემთხვევათა რაოდენობა ბავშვთა პოპულაციაში. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა საერთო რაოდენობა ორჯერ ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის ბოლოს. ჩვენ იანვრის მეოთხე კვირიდან დაავადებულთა მატებას აღვწერთ. მატება იანვრის მეოთხე კვირის დასაწყისიდან დაიწყო, უკვე რეგისტრირებულია 338 პაციენტი. აქედან 75% 15 წლამდე ასაკის ბავშვები არიან“, - დააზუსტა კოჩიევამ. როგორც მან განმარტა, ამიტომ გახდა აუცილებელი ზოგიერთი ობიექტის დახურვა. კოჩიევა ინფიცირებული ბავშვების მშობლებს მოუწოდებს, რომ სწრაფად მიმართონ ექიმს და შვილები საგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში არ გაუშვან.

„ჩვენ გვაქვს იგივე პროფილაქტიკური ზომები, რაზეც მრავალი წელია ვსაუბრობთ. პირველ რიგში მინდა მივმართო მშობლებს, რომ ავადმყოფი შვილები სკოლებში და ბაღებში არ გაგზავნონ, სამწუხაროდ, სწორედ ეს ბავშვები აავადებენ ყველა სხვა იქ მყოფ ბავშვებს. ინფექცია სწრაფად ვრცელდება", - აღნიშნა კოჩიევამ.

გასული წლის ბოლოს, საახალწლო არდადეგების წინ ოკუპირებული რეგიონის ყველა სკოლა და ბაღი დახურეს, ვითარება იმდენად რთული იყო, რომ მობილობის შემცირებით სცადა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ ამ პრობლემის მოგვარება. თუმცა არდადეგების დასრულების და შესაბამისად, მობილობის გაზრდის შემდეგ, ვირუსული ინფექციების შემთხვევათა რაოდენობა ისევ იზრდება.

XS
SM
MD
LG