Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს ღაზის სექტორის საზღვარზე და იერუსალიმში


არეულობა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ჯენინში. 2023 წ. 26 იანვარი.
არეულობა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ჯენინში. 2023 წ. 26 იანვარი.

ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს ღაზის სექტორის საზღვარზე და იერუსალიმში, ასევე იუდეასა და სამარიაში. ამ ზომებს ის მიმართავს არაბებსა და ისრაელს შორის კონფლიქტის მორიგი გამწვავებისა და პალესტინელთა ავტონომიაში არეულობების გამო.

წუხელ ღამით ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე დარტყმა განახორციელა პასუხად პალესტინელთა ავტონომიის მხრიდან აშკელონისა და სამხრეთ ისრაელის სხვა დასახლებული პუნქტების დაბომბვაზე.

მხარეებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ისრაელის არმიის, სასაზღვრო პოლიციისა და უსაფრთხოების საერთო სამსახურის რეიდის შემდეგ ლტოლვილთა ბანაკში ჯენინში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ოპერაცია 26 იანვარს ჩატარდა. უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 11 პალესტინელი, ორ ათეულამდე ადამიანი დაიჭრა.

ისრაელის მხარე ირწმუნება, რომ რეიდის მიზანი იყო რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრები, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ. ჯენინში ოპერაციის დროს მათ ცეცხლი გაუხსნეს ისრაელელებს და საპასუხო ცეცხლით იქნენ მოკლული, იუწყება The Jerusalem Post-ი.

პალესტინის ავტონომიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაიღუპა მინიმუმ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ამ ფონზე პალესტინელებმა გადაწყვიტეს, შეწყვიტონ ისრაელთან უსაფრთხოების ზომების კოორდინაცია და პირობა დადეს, რომ გაეროსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ. მომხდარს მათ ისრაელის აგრესია უწოდეს.

Associated Press-ის თანახმად, ისრაელის არმიისა და სპეცსამსახურების რეიდი ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი იყო უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში.

კონფლიქტის გამწვავება ხდება ტურნეს ფონზე, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში იწყებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ის მოინახულებს ეგვიპტეს, ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG