Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა საერთაშორისო სასამართლოზე "ეთნიკური წმენდა" უწოდა აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადას


გაეროს საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) შენობა, ჰააგა
გაეროს საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) შენობა, ჰააგა

სომხეთის წარმომადგენელმა 30 იანვარს ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, "ეთნიკური წმენდა" უწოდა აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ბლოკადას.

ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც სომხეთი მთიან ყარაბაღს აწვდის საკვებს, საწვავს და სამედიცინო პროდუქციას. დერეფანი ბლოკირებული რჩება 12 დეკემბრის შემდეგ - როცა დემონსტრანტებმა, რომლებიც თავს გარემოს დამცველებად აცხადებდნენ, კარვები გაშალეს და ტრანსპორტის გადაადგილება გააჩერეს. აზერბაიჯანი უარყოფს ბლოკადის მოწყობას და ამბობს, რომ აქტივისტები ლეგიტიმურ აქციას ატარებენ, მაღაროებში უკანონო მუშაობის გასაპროტესტებლად.

გაეროს საერთაშორისო სასამართლოზე (ICJ) ორშაბათს გაიმართა სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ სომხეთის თხოვნა, სასამართლომ აზერბაიჯანს ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდოს.

სომხეთის წარმომადგენელმა იეღიშე კირაკოსიანმა სასამართლოს უთხრა, რომ ბლოკადის შედეგად მთიან ყარაბაღში დაიწყო საკვების და სამედიცინო პროდუქციის დეფიციტი, ხოლო ასეთ ფონზე აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეთნიკურ სომხებს შეუძლიათ რეგიონი დატოვონ.

"ეთნიკური წმენდის ამგვარი ღია გამოვლინებები არ უნდა გვხვდებოდეს თანამედროვე ეპოქაში და ეს სასამართლო არის მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხების უკანასკნელი იმედი", - თქვა კირაკოსიანმა.

სამშაბათს სასამართლო აზერბაიჯანის მხარეს მოუსმენს - აზერბაიჯანი ითხოვს, სომხეთმა შეწყვიტოს ნაღმების განთავსება ტერიტორიებზე, რომლებიც მას ადრე ოკუპირებული ჰქონდა.

XS
SM
MD
LG