Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილის განცხადებით, საბუთებში მიხეილ სააკაშვილის სიმაღლე 2 სმ-ით შეამცირეს


ლევან ხაბეიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
ლევან ხაბეიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას მოითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. როგორც მან კლინიკა „ვივამედთან" ჟურნალისტებს უთხრა, დოკუმენტებში სიმაღლისა და წონის თანაფარდობის შესანარჩუნებლად, მიხეილ სააკაშვილის სიმაღლე რეალურთან შედარებით 2 სმ-ით ნაკლები დაწერეს.

„ახლა მე როგორც შევიტყვე ექიმებისგან, პრეზიდენტ სააკაშვილის სიმაღლე აქვთ დაპატარავებული საბუთებში. რატომ? იმიტომ, რომ კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოსცდეს მისი პარამეტრები. საზოგადოებამ რომ გაიგოს: 194 სმ-ია პრეზიდენტ სააკაშვილის სიმაღლე და 68 კგ-ს იწონის რეალურად. ახლა [აღნიშნეს], რომ 192 სმ-იაო. ანუ 2 სმ კიდევ მოაკლეს, რადგან პარამეტრები შეინარჩუნონ. ხვდებით ხომ რაზე მიდის ხელისუფლება. რეანიმაციის პაციენტია პრეზიდენტი სააკაშვილი. პირველ რიგში, სასწრაფოდ არის რეანიმაციაში გადასაყვანი, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს. შემდეგ უკვე მისი სასამართლო პროცესები ასე ვერ და არ უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკამ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზა და ახლა ელოდება, როდის გადაიყვანენ.

დღეს დილით მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ, მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ სააკაშვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება.

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკის პერსონალს უშუალოდ გულის წასვლა არ დაუნახავს და ეს იციან მხოლოდ პაციენტის გადმოცემით. "მისი [მიხეილ სააკაშვილის] გადმოცემით, წამიერად დაკარგა გონება და დაეცა", - ამბობს ის.

28 იანვარს ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელაპარაკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე.

ჩხაიძემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, დაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს.

XS
SM
MD
LG