Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში ჯერ არ გადაუყვანიათ


გიული ალასანია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა
გიული ალასანია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა

კლინიკა „ვივამედში" შვილის, მიხეილ სააკაშვილის, მონახულების შემდეგ გიული ალასანიამ თქვა, რომ მისთვის უცნობია, როდის გადაიყვანენ მის შვილს რეანიმაციაში.

„ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ, იმიტომ რომ რაღაც პროცედურებია გასავლელიო. დეტალები არ ვიცი, უბრალოდ, ზოგადად გავიგე, რომ არის რაღაც კიდევ გასავლელი. სხვა მხრივ, მაღალი სიცხე რომ ჰქონდა, შედარებით დაწეული აქვს და შედარებით ნორმალური მდგომარეობა აქვს... მთელი დღე ამაზე იყო ლაპარაკი და მეც ასე ვიცოდი [რომ იგეგმებოდა გადაყვანა], - უთხრა „მთავარ არხს" გიული ალასანიამ და დაამატა, - არ ვიცი როდის გადაიყვანენ".

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის საკითხზე „ვივამედის" გენერალურ დირექტორს, ნინო ნადირაძეს, შეხვდა პარლამენტარი „გირჩიდან" იაგო ხვიჩია. შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რეანიმაციაში, იაგო ხვიჩიამ უპასუხა: „თუ არ ვცდები, იმ შემთხვევაში [გადაიყვანენ], თუ იქ მკურნალობას დაემორჩილება. ამწუთას ექიმების პრეტენზია არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ემორჩილება მკურნალობის კურსს. ასე გადაყვანას, როდესაც არ ემორჩილება მკურნალობის კურსს, მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება. თუ დაემორჩილება მკურნალობის კურსს, მაშინ დაკმაყოფილდება მისი ეს მოთხოვნა“.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკამ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზა და ელოდება, როდის გადაიყვანენ.

დღეს, 31 იანვარს, დილით მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ, მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ სააკაშვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება.

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკის პერსონალს უშუალოდ გულის წასვლა არ დაუნახავს და ეს იციან მხოლოდ პაციენტის გადმოცემით. "მისი [მიხეილ სააკაშვილის] გადმოცემით, წამიერად დაკარგა გონება და დაეცა", - თქვა მან.

28 იანვარს ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელაპარაკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე.

ჩხაიძემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, დაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს.

XS
SM
MD
LG