Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო კულტურის სამინისტროს: გელათზე კვლევა ჩვენი თხოვნით მომზადდა, არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს


გელათი, 2021 წლის 20 მაისი
გელათი, 2021 წლის 20 მაისი

საპატრიარქოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ გელათის რეაბილიტაციის პროცესის შესახებ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით. განცხადებაში იგი განმარტავს, რომ ცენტრმა დასკვნა, რომელსაც სამინისტრომ „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებული" უწოდა, მათი თხოვნით მოამზადა და ამ პროცესს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საპატრიარქოს პრესსამსახური აღნიშნავს, რომ განმარტების გაკეთება ამ საკითხზე საჭიროდ მიიჩნიეს 31 იანვარს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების გამო.

"აღვნიშნავთ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს, არამედ ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მივიჩნიეთ, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, რომელსაც ჩვენი ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული.

რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება.

დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და კვორუმის პირობებში მოხდა ამ დასკვნის მიღება, მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარიამ გაჩეჩილაძე", - წერია განცხადებაში, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საპატრიარქო აფასებს ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და ადასტურებს მისი მეცნიერების მიმართ პატივისცემას.

30 იანვარს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კვლევა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ეწინააღმდეგება რესტავრაციისა და კონსერვაციის პრინციპებს, მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე ჩატარებული სამუშაოები არღვევს მხატვრობის ავთენტურობას და ქმნის ძეგლის განადგურების საფრთხეს.

31 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ცენტრში სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა - ცენტრის დირექტორმა გამორიცხა კავშირი დასკვნის გამოქვეყნებასა და ფინანსურ შემოწმებას შორის. მარინა გაჩეჩილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს ყოველწლიური პროცედურაა. ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, ბოლო აუდიტორული შემოწმება იქ 2020 წლის ბოლოს ჩატარდა და მისი შედეგები სამინისტროში 2021 წლის მარტში გადაიგზავნა.

31 იანვარსვე სამინისტრომ ცენტრის დასკვნის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამ დოკუმენტზე მეცნიერები სუბორდინაციის დარღვევით მუშაობდნენ, რაც "სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.“ ამ განცხადების პასუხად დღეს, 1 თებერვალს, ცენტრმა თქვა, რომ სამინისტრო საქმიანი პროფესიული განხილვის პოლიტიკურ დისკურსში გადატანას ცდილობს და მუქარანარევი ტონით ელაპარაკება მეცნიერებს, რაც არც გელათის პრობლემას მოაგვარებს და არც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჯანსაღი კრიტიკული აზრის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

ჩუბინაშვილის ცენტრი პირველი არ არის, რომელმაც კრიტიკულად შეაფასა გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG