Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა მოძალადეები“ – აქცია ქუთაისში


აქცია ქუთაისში
აქცია ქუთაისში

"ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა მოძალადეები“– ამ მოწოდებით დღეს ქუთაისში მსვლელობა გამართეს ორგანიზაციის, „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ და კლინიკა „მიელენის“ თანამშრომლებმა, ბენეფიციარებმა, ბავშვების მშობლებმა და მხარდამჭერებმა.

მსვლელობა ბესიკის ქუჩიდან დაიწყო, სადაც "ბავშვისა და ოჯახის ინტერვენციის და მხარდაჭერის ცენტრი" მდებარეობს და ქუთაისის მერიასთან დასრულდა. აქციის მონაწილეები მსგავსი ცენტრების უსაფრთხო გარემოში მუშაობის გაგრძელებას მოითხოვდნენ.

30 იანვარს "ბავშვისა და ოჯახის ინტერვენციის და მხარდაჭერის ცენტრის" თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ მეზობლად მდებარე სახლებში მცხოვრები მამაკაცები. ცენტრის ორი თანამშრომელი დაშავდა. ამას წინ არაერთხელ უძღოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა. ცენტრი ბესიკის ქუჩაზე ნაქირავებ ფართში მუშაობს. ახლომდებარე კერძო სახლების მცხოვრებნი ქუჩაში, სახლებისა და ეზოების გასწვრივ, ავტომანქანების გაჩერებას უკრძალავდნენ ცენტრის თანამშრომლებს და ბენეფიციართა მშობლებს.

30 იანვარს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ფეისბუკის ზოგიერთი მომხმარებელი ორგანიზაციის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდა ბავშვების ხმაურისა და გარემოს დაბინძურების გამოც.

ორგანიზაციის, „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“, დირექტორის, ფსიქოლოგ ლიკა მხატვრის განცხადებით, ბრალდებები უსაფუძვლოა და მსგავსი მიდგომა ცენტრის და მისი ბენეფიციარების დისკრიმინაციას აღრმავებს.

ლიკა მხატვრის ინფორმაციით, ორი დღეა, ცენტრის მუშაობა შეფერხდა, რადგან თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ როგორც სპეციალისტები, ასევე ბენეფიციარები და მათი მშობლები. მათი მოთხოვნაა ორგანიზაცია დაზარალებულად ცნონ: „და გვინდა ყველა მოძალადე დაისაჯოს ობიექტური სიმკაცრით. ჩვენი ორი თანამშრომელი დაზარალებულადაა ცნობილი და ბრალი უნდა წარუდგინონ ორ პირს, რომლებმაც იძალადეს ჩვენზე“, - თქვა ლიკა მხატვარმა. მისი განცხადებით, მოითხოვენ იმასაც, რომ სახელმწიფომ ადგილობრივ და ცენტრალურ დონეებზე საინფორმაციო კამპანია აწარმოოს, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, რას საქმიანობენ მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში აუტისტური სპექტრის, ცერებრული დამბლის და სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციები.

„ხალხმა არ იცის, ჩვენ რას ვემსახურებით. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი მოქალაქეების ჯანსაღი ფსიქიკური ჯანმრთელობის, განათლების სისტემების გასამართად და ეკონომიკის გასაძლიერებლად“, – აცხადებს ლიკა მხატვარი.

როგორც ცენტრის ბენეფიციარი ბავშვის მშობელი ნათია ვაშაკიძე ამბობს, მის შვილს მეტყველების შეზღუდვა აქვს და მერვე წელია, სხვადასხვა პროგრამით იღებს თერაპიულ მომსახურებას. ნათია ვაშაკიძის თქმით, თერაპია და ფსიქოლოგის დახმარება ბავშვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანატოლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ადაპტირებისა და სოციალიზაციისთვის.

ცენტრის კიდევ ერთი, 11 წლის ბენეფიციარის დედა სოფიო სალდაძე ამბობს, რომ მისი შვილი ცენტრის მომსახურებით ორწლინახევრის ასაკიდან სარგებლობს და რომ არა თერაპევტების დახმარება, ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ მოახერხებდა. სოფიო სალდაძის თქმით, „აქცია–მსვლელობით საზოგადოებას სთხოვენ მიმღებლობას, მხარდაჭერას და თანადგომას“.

ქუთაისში გამართული მსვლელობის მონაწილე, ბავშვებისა და ზრდასრულების მომსახურების მულტიფუნქციური ცენტრის, „ღია სახლის“, დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნინო კილაძე ამბობს, რომ ეს ორგანიზაციაც და მისი ბენეფიციარებიც წლების განმავლობაში არაერთხელ გახდნენ დევნის, შევიწროების და საზოგადოების ნაწილისგან დისკრიმინაციული დამოკიდებულების მსხვერპლი. ნინო კილაძის თქმით, „აუცილებელია ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ შესაძლოა ნებისმიერი გახდეს შშმ პირთა თემის წევრი“.

ქუთაისის მერიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს საქმის გარკვევას და მხარდაჭერას დაჰპირდა სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ვარლამ გობეჯიშვილი. როგორც მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, მძიმე და ღრმა შეზღუდვის მქონე ბავშვების მხარდაჭერისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ყველა ინსტანციას მიმართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG