Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Economist-ის „დემოკრატიის ინდექსით“ საქართველოში ჰიბრიდული რეჟიმია


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის რჩება ბრიტანული გამოცემის, Economist-ის ყოველწლიური „დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით.

გამოცემის ანალიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული „დემოკრატიის ინდექსი 2022“ აფასებს მდგომარეობას 165 სახელმწიფოსა და 2 ტერიტორიაზე. ქვეყნები იყოფა ოთხი ტიპის რეჟიმად: სრული დემოკრატია, არასრულყოფილი დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი.

შეფასებისას გამოყენებულია 5 კატეგორია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკაში მონაწილეობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები. საუკეთესო მაჩვენებელი 10 ქულით აღინიშნება. საქართველომ ყველაზე დაბალი ქულები მთავრობის ფუნქციონირების და პოლიტიკური კულტურის კატეგორიებში მიიღო:

  • საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი 7 ქულა;
  • მთავრობის ფუნქციონირება 3.57;
  • პოლიტიკაში მონაწილეობა 6.11;
  • პოლიტიკური კულტურა 3.75;
  • სამოქალაქო თავისუფლებები 5.59.

„დემოკრატიის ინდექსი 2022-ით" საქართველოს საერთო ქულა 5.20-ია. ქვეყანა რეიტინგში 90-ეა და წინა წელთან შედარებით, პოზიცია 1-ით აქვს გაუმჯობესებული.

Economist-ის შეფასებით, საერთო ჯამში, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებიდან მაჩვენებლები გაიუმჯობესა 16-მა. ყველაზე მეტად - მონტენეგრომ და ალბანეთმა. მდგომარეობა გაუარესდა 6-ში, მათგან ყველაზე მეტად - რუსეთში(-22).

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის არცერთ სახელმწიფოში არ არის სრულფასოვანი დემოკრატია. 28 ქვეყნიდან 16-ში, რომელთა შორის არიან ევროკავშირის წევრები აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა, არასრულყოფილი დემოკრატიაა. ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნები არიან საქართველო, უკრაინა, სომხეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ავტორიტარული რეჟიმებია რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და შუა აზიის იმ ქვეყნებში, რომლებიც დსთ-ს წევრები არიან.

Economist-ის მკვლევართა ჯგუფის შეფასებით, სრული ან არასრულყოფილი დემოკრატიის პირობებში ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის 45.3%. მათგან მხოლოდ 8% - სრულ დემოკრატიაში. სრულფასოვანი დემოკრატიაა ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, შვედეთში, დანიაში, ფინეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში, ურუგვაიში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და კიდევ 10 ქვეყანაში. ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის 36.9%. მათი უდიდესი წილი მოდის ჩინეთსა და რუსეთზე.

XS
SM
MD
LG