Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დებატები გვაქვს პოლიტპატიმარზე და არა კანდიდატის სტატუსზე - გრეგოროვა ხელისუფლებას


მარკეტა გრეგოროვა, ევროპარლამენტარი
მარკეტა გრეგოროვა, ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი, "მწვანეთა პარტიის" დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ახსოვდეს ის ქულები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვებით დაკარგავს, რადგან ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, ევროპარლამენტში დებატები პოლიტპატიმარზე იმართება. ამის შესახებ მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის საქმე იმდენად დიდია, რომ ყურადღების მიღმა ვერ ვტოვებთ. ის ყველაფერია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, როდესაც ვახსენებთ პრობლემებსა და რეფორმებს - სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა, პოლარიზაცია, დეზინფორმაცია.

არ არსებობს იმაზე დიდი შეთქმულება, რომ ჩვენ "ნაციონალური მოძრაობა" ფულს გვიხდის ან სააკაშვილთან ვართ გარიგებული. დიახ, მე ამის შესახებ მოვისმინე. ეს სისულელეა. ჩვენ ეს საქმე გვადარდებს, რადგან უნდა გვადარდებდეს, იმიტომ რომ ძალიან პოლიტიზებულია და ადამიანი ციხეში კვდება. ასე რომ, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გახსოვდეთ არა მხოლოდ პოლიტიკური ქულები, რომელთა მოპოვებაც შეგიძლიათ მისი ციხეში ყოფნით, არამედ ის ქულებიც, რომლებსაც კარგავთ, რადგან იმის ნაცვლად, რომ კანდიდატის სტატუსზე გვქონდეს დებატები, პოლიტპატიმარზე ვლაპარაკობთ", - თქვა ევროპარლამენტარმა.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 თებერვალს სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე ჩართვისას, თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მან მაისური აიწია. მოკლე მიმართვაში მან თქვა, რომ ითხოვს ადეკვატურ მკურნალობას.

გუშინვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.

სააკაშვილის მდგომარეობის საილუსტრაციოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

XS
SM
MD
LG