Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია დარჩიაშვილის თქმით, ევროკომისიის ანგარიშში აღიარებულია საქართველოს პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით


ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშს, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. მინისტრის თქმით, ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით. მისი თქმით, გამოიკვეთა, რომ საქართველო „ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც.“

ილია დარჩიაშვილის სიტყვებით, როგორ წესი, ჯერ ხდება შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნება, შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა „ჩვენ შემთხვევაში ეს პირიქით მოხდა, შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო. ევროკომისიას მოუწია ფორსმაჟორულ მდგომარეობაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. სადაც, სამწუხაროდ, საქართველოს პროგრესი სექტორული ინტეგრაციის მხრივ არ იქნა გათვალისწინებული“.

ილია დარჩიაშვილის თქმით, წარმატებით სრულდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიც, "რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნებისთვის. არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა".

ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, "ევროპული მხარე გაითვალისწინებს როგორც 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ არსებულ შედეგს, ასევე ამ ანგარიშში აღნიშნულ პროგრესს".

ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მომზადების გარკვეული დონე აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის სფეროში, თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გათანაბრებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას. ევროკომისიის ანგარიში აფასებს სოციალური პოლიტიკის და დასაქმების სფეროსაც და აღნიშნავს, რომ საქართველოს აქაც მომზადების გარკვეული დონე აქვს და უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობისთვის.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად მომზადებულია ეკონომიკის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სფეროში, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კანონითაა გამყარებული და პრაქტიკაშიც დადასტურებულია, თუმცა, ზოგიერთ დებულებას, რომელიც დამოუკიდებლობას ეხება, დაზუსტება სჭირდება.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG