Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა უარყო, თითქოს რუსეთს მშვიდობის ნაცვლად უკრაინის ტერიტორიის 20% შესთავაზა


საილუსტრაციო ფოტო წარწერით: "ბახმუტი უკრაინაა"
საილუსტრაციო ფოტო წარწერით: "ბახმუტი უკრაინაა"

თეთრი სახლი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება შვეიცარიულ გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ში (NZZ) გამოქვეყნებული ცნობა, თითქოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელ უილიამ ბერნსს რუსეთისთვის, ომის შეწყვეტის სანაცვლოდ, უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი შეეთავაზებინოს. ამის შესახებ Newsweek-ს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის მოადგილემ შონ დევიტმა განუცხადა.

შვეიცარიული გაზეთი Neue Zürcher Zeitung, ორ გერმანელ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, ადრე იუწყებოდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CIA-ს ხელმძღვანელს, უილიამ ბერნსს, იანვარში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და უკრაინის მზადყოფნის შეფასება დაავალა. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამ მიზნით ბერნსი საიდუმლოდ ეწვია კიევსა და მოსკოვს, სადაც მან უკრაინას შესთავაზა "მშვიდობა მიწის სანაცვლოდ", ხოლო რუსეთს - „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“. გაზეთის ცნობით, „მიწაში“ იგულისხმება დონბასის ტერიტორია, რაც უკრაინის 20%-ს შეადგენს.

აღნიშნული შეთავაზება, როგორც გამოცემა NZZ-ი იუწყება, მოსკოვმაც უარყო და კიევმაც. უკრაინამ უარი თქვა თავისი ტერიტორიების დათმობაზე, რუსეთი კი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ომს მოიგებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „გამონაგონი“ უწოდა ცნობას, თითქოს შეერთებულ შტატებს რუსეთისთვის მსგავსი გეგმა შეეთავაზებინოს.

როგორც Neue Zürcher Zeitung-ის წყაროები ამტკიცებენ, უილიამ ბერნსის დიპლომატიური მისიის "წარუმატებლობის" შემდეგ, ბაიდენმა გადაწყვიტა დაემტკიცებინა „აბრამსის“ კლასის ტანკების მიწოდება უკრაინისთვის. ამ გადაწყვეტილებამ, თავის მხრივ, გზა გაუხსნა უკრაინისთვის გერმანული „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდებას.

დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ კიევის სამხედრო მხარდაჭერის მიზანი შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე უკრაინის პოზიციის მაქსიმალური სამხედრო გაძლიერებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG