Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის ჯარები იერიშს ამზადებენ ლუგანსკის ოლქში


უკრაინის ტანკი კრემენნაიას მახლობლად (არქივი).
უკრაინის ტანკი კრემენნაიას მახლობლად (არქივი).

რუსეთის არმია უკრაინის ლუგანსკის ოლქში რეზერვებსა და სამხედრო ტექნიკას უყრის თავს, რათა 15 თებერვლის შემდეგ იერიში დაიწყოს რეგიონის დასავლეთში. ამის შესახებ ტელეარხ „ბელსატით“ გამოსვლაში განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ. იგივე თარიღი დაუსახელა გაზეთ Financial Times-ს ანონიმმა წყარომ, რომელსაც გამოცემა უკრაინის არმიის მრჩევლად მოიხსენიებს.

ჰაიდაის თქმით, უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში შემჩნეულია რუსეთის სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის შეცვლა, ლუგანსკის ოლქში რუსეთის არმია თავს უყრის რეზერვებს და ზოგავს ჭურვებს. Financial Times-ი წერს, რომ შეტევა შეიძლება დაიწყოს ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, კრემენნაიასა და ლიმანის რაიონებში - ორი ქალაქისა, რომლებიც რუსეთის არმიამ ადრე უკვე დაიკავა, მაგრამ შემოდგომის კონტრშეტევის შედეგად ისინი კვლავ გაათავისუფლა უკრაინის არმიამ.

4 თებერვალს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კრემენნაიას რაიონში მოგერიებულია რუსეთის იერიშის მცდელობა. მოსკოვს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. პრორუსული წყაროები, თავის მხრივ, უკვე ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იტყობინებიან, რომ ამ რაიონში იერიშს ცდილობს უკრაინის არმია.

5 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის არმია თებერვალში შეეცდება „ძველი დამარცხებების ანაზღაურებას“. იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია რუსეთის ჯარების შესაძლო იერიშს მოელის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG