Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში 900-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, ხოლო სირიაში - 380-ს


მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლები თურქეთის ქალაქ მალათიაში. 2023 წლის 6 თებერვალი
მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლები თურქეთის ქალაქ მალათიაში. 2023 წლის 6 თებერვალი

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 912 ადამიანი და დაშავდა 5 385. ამის შესახებ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ქვეყნის მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა. ერდოანის თქმით, დაღუპულთა რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. თურქეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ანკარას დახმარება შესთავაზა მსოფლიოს 45-მა ქვეყანამ, ასევე, ნატომ და ევროკავშირმა.

დღეს, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. თავდაპირველად თურქული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიწისძვრა 7,4 მაგნიტუდის იყო, მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ - 7,7-ის. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს ინფორმაციით, დაზარალდა 10 ქალაქი, მათ შორის გაზიანთეპი, მალათია, ადანა და დიარბაქირი. დანგრეულია 2800-ზე მეტი შენობა.

გამთენიისას მომხდარ მიწისძვრას მოჰყვა 40-ზე მეტი ბიძგი, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 6,6 მაგნიტუდის იყო, შუადღის შემდეგ კი, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც. ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიასა და ტარტუსში დაიღუპა სულ მცირე 239 ადამიანი და 640-ზე მეტი დაშავდა. ტელეკომპანია CNN-ი ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე სამოქალაქო თავდაცვის მოძრაობაზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის იმ რაიონებში, რომლებსაც ოპოზიცია აკონტროლებს, დაიღუპა სულ მცირე 147 ადამიანი და 340 დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG