Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, მაგრამ ჯერ არა


უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

რუსეთთან ომის წლისთავზე, ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის მინისტრისთვის თანამდებობიდან მოსალოდნელი გადაყენების შესახებ ცნობილი არა უმაღლესი მთავარსარდლისგან, არამედ სოციალური მედიით ხდება.

საპარლამენტო ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ 5 თებერვალს, ღამით, ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვს შეცვლის ქვეყნის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გენერალი კირილო ბუდანოვი, ხოლო თავად რეზნიკოვი ინიშნება სტრატეგიული მრეწველობის მინისტრად.

მიუხედავად იმისა, რომ რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას კორუფციული სკანდალის ფონზე, ბევრი ექსპერტი წინასწარმეტყველებდა, დავით არახამიას ამ განცხადებამ უკრაინის თავდაცვის მინისტრი სახტად დატოვა.

„ამის შესახებ პირველად მესმის. მე არც სტრატეგიული მრეწველობის სამინისტროსთან დაკავშირებით არ მქონია საუბარი ქვეყნის პრეზიდენტთან, უმაღლეს მთავარსარდალთან“, - განაცხადა 6 თებერვალს რეზნიკოვმა და დასძინა, რომ მსგავსი წინადადება რომ მიეღო, უარს იტყოდა მასზე, რადგან ამ სამუშაოს ხარისხიანად ვერ შეასრულებს.

რეზნიკოვის რეაქციას მოგვიანებით არახამიამ ტელეგრამით კიდევ ერთი, მოკლე განცხადება მოაყოლა, რომლითაც ცხადი გახდა, რომ ამ კვირაში თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები აღარ მოხდება.

მაგრამ უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ამ განმარტებამ საკითხი კიდევ უფრო გააბუნდოვანა. უკრაინელი ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლების ქართული სამსახური დაუკავშირდა, რეზნიკოვის გადაყენების იდეას „ნაჩქარევს“, ხოლო სამოქალაქო მინისტრის სამხედროთი ჩანაცვლებას „წინდაუხედავს“ უწოდებენ.

ომის და დროის კარნახით

ინფორმაცია, რომ რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, პირველად იანვრის ბოლოს გავრცელდა, რასაც წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება სამხედროთა კვებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის შესახებ.

გასულ კვირაში, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი უკრაინის ექსთავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვიაჩესლავ შაპოვალოვს და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ბოჰდან ხმელნიცკის, რომლებმაც თანამდებობა საკადრო წმენდის პირველი დიდი ტალღის დროს, მიმდინარე წლის 22-24 იანვარს დატოვეს.

შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ შეკითხვას ოლექსი რეზნიკოვმა უპასუხა, რომ მას არაფრის რცხვენია, სავარძელი კი მუდმივი არავისთვისაა და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ის თავდაცვის მინისტრად.

მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს დასავლეთთან სამხედრო იარაღის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკება და „რამშტაინის ფორმატის“ კარსმომდგარი შეხვედრა, რომლითაც მთლიანად არის დაკავებული უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

„მე ვფიქრობ, რომ რეზნიკოვი შეიძლება დარჩეს თავის თანამდებობაზე, მით უფრო, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალ ტექნიკაზე, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავების გარშემო. ამიტომ გაზაფხულზე, ომის ახალი ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, შესაძლოა ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს იმ საქმიანობას, რომელიც რეზნიკოვმა გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ წამოიწყო. მაგრამ თუ რეზნიკოვი ფორმალურად კვლავ დარჩება თავის თანამდებობაზე, მაშინ მას მოუწევს, რომ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შეიყვანოს ახალი, ანტიკორუფციული სტრუქტურა, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს შესყიდვების მხრივ განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობას. ზუსტად ასევე, სამხედრო უწყებაში შეიძლება შეიქმნას ანტიკორუფციული საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც თვალყურს მიადევნებს ნებისმიერ ტენდერებს და შესყიდვებს. გარდა ამისა, შესაძლოა გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლიც თავდაცვის სამინისტროზე. ვფიქრობ, ორი კვირის განმავლობაში უფრო ცხადი გახდებს, თუ როგორ და როდის გადაწყდება თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებული საკადრო საკითხი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დამოუკიდებელმა უკრაინელმა ექსპერტმა მიხაილო სამუსმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით შეიცვალა თავისი პოზიცია მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ, რომელიც ხშირად ახმოვანებს უკრაინის პრეზიდენტის აზრებს ტელეგრამის არხის საშუალებით.

სწორედ უკრაინელი კანონმდებლისგან შეიტყო ქვეყნის მოსახლეობამ, რომ გაზაფხულზე „აქტიურად ჩასვამენ“ ყველა ჩინოსანს, რომელმაც „გონი დაკარგა და შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე მაროდიორობს“. რადგან „ადამიანურად არ გამოდის“, ომის პერიოდის კანონები იმოქმედებსო, - წერს არახამია ტელეგრამში.

„ომის კანონით“ შესაძლოა კიდევ ერთი რამითაც იყოს გამართლებული ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის შეცვლა.

არახამიას თანახმად, თავდაცვის მინისტრად დაინიშნება კირილო ბუდანოვი, რომელიც ამჟამად სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობს. როგორც არახამია წერს, საკადრო პოლიტიკას ომი უკარნახებს და დრო და გარემოებები მოითხოვენ გაძლიერებას და გადაჯგუფებას.

მაგრამ როგორც პოლიტოლოგი ევჰენ მაგდა მიიჩნევს, ასეთი საკადრო გადაადგილების შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლების წინაშე რამდენიმე „რთული მომენტი“ იჩენს თავს.

„პირველ ყოვლისა, რეზნიკოვის პოტენციურ მემკვიდრედ დასახელებული, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილ ბუდანოვი, სამხედრო პირია. ხოლო უკრაინის კანონმდებლობით მხოლოდ სამოქალაქო პირი შეიძლება გახდეს თავდაცვის მინისტრი. სხვათა შორის, ამ პირობის გამო ვერ შეძლო თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი გაეხადათ თავდაცვის მინისტრად. მეორე პრობლემა ისაა, რომ, როდესაც ბევრი საუბარია რუსეთის არმიის მოსალოდნელ შეტევაზე, ასეთ დროს თავდაცვის მინისტრის შეცვლა, ვთქვათ ასე, წინდაუხედაობაა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

მით უფრო, რომ ამ შეტევამდე, დრო მცირე რჩება.

რუსეთის არმია უკრაინის ლუგანსკის ოლქში რეზერვებსა და სამხედრო ტექნიკას უყრის თავს, რათა 15 თებერვლის შემდეგ იერიში დაიწყოს რეგიონის დასავლეთში. ამის შესახებ ტელეარხ „ბელსატით“ გამოსვლაში განაცხადა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ. იგივე თარიღი დაუსახელა გაზეთ Financial Times-ს ანონიმმა წყარომ, რომელსაც გამოცემა უკრაინის არმიის მრჩევლად მოიხსენიებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 4 თებერვალს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი ბრძოლას სულ უფრო მეტ ძალას ახმარს და ქვეყნის აღმოსავლეთში ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება.

„ოკუპანტი მეტ და მეტ ძალას ახმარს ჩვენი თავდაცვის გატეხას“, - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში და დასძინა, რომ ვითარება „ძალიან რთულია“ ბახმუტის, ლიმანის და სხვა არეალებში.

"ჩემი სინდისი აბსოლუტურად სუფთაა"

მაგრამ ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინაში საკვანძო უწყებასთან, თავდაცვის სამინისტროსთან საკადრო სკანდალის გაღვივება არავის ინტერესებში შედის. შესაძლო გადადგომის შესახებ დასმულ შეკითხვას ოლექსი რეზნიკოვმა მშვიდად უპასუხა, რომ მას არაფრის რცხვენია, სავარძელი კი მუდმივი არავისთვისაა და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ის თავდაცვის მინისტრად.

პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, ოლექსი რეზნიკოვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ სამინისტროში კორუფციულ სკანდალზე პასუხს უკვე აგებს საკუთარი რეპუტაციით.

„იმ სტრესის ზუსტად გაზომვა, წელს რომელიც შემხვდა, შეუძლებელია“, - თქვა რეზნიკოვმა და დასძინა: „ჩემი სინდისი აბსოლუტურად სუფთაა“.

„სტრესში“, ომის გარდა, რეზნიკოვი შესაძლოა გულისხმობდა იმ ფინანსური მაქინაციების გახმაურებას, რაც თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკაში გამოვლინდა.

3 თებერვალს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ გახსნილია სამხედროების კვებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო თანხის მიტაცების მასშტაბური სქემა და ზარალი შეადგენს 119 500 000 გრივნას (დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარი).

ამ საქმეზე, უკრაინის ექსთავდაცვის მინისტრის მოადგილეს და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების მთავარი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის თანამდებობებიდან გათავისუფლების გარდა, კორუფციულ დანაშაულზე მორალური პასუხისმგებლობა თავდაცვის მინისტრსაც რომ ეკისრება, ამას დამოუკიდებელი ექსპერტებიც იზიარებენ.

„ვფიქრობ, რომ თავდაცვის სამინისტროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და უნდა იყოს უფრო ინტენსიური. ამ სიტუაციიდან არსებობს ორი გამოსავალი: პირველი: რეზნიკოვი, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, ტოვებს თანამდებობას და მოდის ახალი გუნდი, რომელიც ახალ ანტიკორუფციულ ზომებს შემოიღებს. ან შეიძლება იყოს ვარიანტი, როდესაც რეზნიკოვი რჩება. საქმე ისაა, რომ თავად ის არ არის კორუფციაში შემჩნეული. იგი დაკავებულია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით. მაგრამ მის გუნდში დაშვებულია შეცდომები, რომელმაც გამოიწვია კორუფციული დანაშაული, რაც ჯერ კიდევ უნდა დადასტურდეს, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას „იურიდიულად დასაბუთებული“ ნაბიჯების აუცილებლობას შეახსენებს ევჰენ მაგდაც.

„თავად ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შიგნით არის, როგორც ჩანს, სხვადასხვა აზრი რეზნიკოვის გადაყენებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდება. ვწუხვარ, რომ რუსეთის წინააღმდეგ თითქმის ერთწლიანი ომის განმავლობაში უკრაინაში ვერ მოხდა იმის გაცნობიერება, რომ ასეთი ქმედება უნდა იყოს იურიდიულად დასაბუთებული და საზოგადოების კონსოლიდირებისკენ მიმართული. ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ სამთავრობო გუნდის ფორმირება ხდება პრეზიდენტის ოფისში. მაგრამ აქ ერთი საინტერესო მომენტია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის მინისტრი, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის პრეროგატივაა, მთელი ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტი ზელენსკი საჯაროდ არაფერს ამბობს. ანუ მისი გარემოცვა ფიქრობს, რომ იგი ამ სკანდალს გაარიდოს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ რეზნიკოვი „რამშტაინის“ შეხვედრამდე დარჩება თავდაცვის მინისტრად, ხოლო უკრაინამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შექმნას ქმედითი სისტემა არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში, არამედ სხვა უწყებებსა და სამინისტროებში“, - ამბობს ევჰენ მაგდა.

„რამშტაინის ფორმატის“ სახელწოდებით ცნობილი უკრაინის პარტნიორი ქვეყნების საკონტაქტო ჯგუფის მორიგი, მე-9 შეხვედრა ბრიუსელში, 14 თებერვალს, თავდაცვის მინისტრების საბჭოს შეხვედრის პარალელურად გაიმართება.

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვზე დაყრდნობით უკრაინული და დასავლური მედია წერს, ამ ფორმატის მორიგ შეხვედრაზე დასავლეთის ქვეყნების საბრძოლო ავიაციით უკრაინის არმიის უზრუნველყოფის საკითხები განიხილება.

ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა და მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი უკრაინის ძალების გასაძლიერებლად დასავლური იარაღის მოპოვებაში. თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე ოლექსი რეზნიკოვს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

მან 2021 წლის ნოემბრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა ანდრი ტარანი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტოს ოფისი და მისი პარტია „ხალხის მსახური“ საყვედურობდნენ იმას, რომ ჩააგდო ქვეყნის თავდაცვის რეფორმების პროგრამა და შემდეგ კონფლიქტში შევიდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან.

რაც შეეხება კირილო ბუდანოვს, თუ უკრაინის პრეზიდენტს მართლა აქვს გადაწყვეტილი მისი დანიშვნა ოლექსი რეზნიკოვის პოსტზე, მაშინ იგი გახდება პირველი მოქმედი სამხედრო პირი ვალერი ჰელეტის შემდეგ, რომელიც უკრაინის სამხედრო უწყებას 9 წლის წინ ედგა სათავეში. ჰელეტიმ მხოლოდ ოთხი თვე (2014 წლის 3 ივლისიდან - 14 ოქტომბრამდე) დაჰყო თავდაცვის მინისტრის პოსტზე. მისი ასეთი სწრაფი გადაყენების მიზეზი გახდა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკთან უკრაინის არმიის მიერ განცდილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი.

უკრაინის პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ილოვაისკის მოვლენების ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ სწორედ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ცნო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG