Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ცხოველთა 40%-ს და მცენარეთა 34%-ს ემუქრება გადაშენება


კალიფორნიული კონდორი, რომელსაც გადაშენება ემუქრება.
კალიფორნიული კონდორი, რომელსაც გადაშენება ემუქრება.

აშშ-ში ცხოველთა 40% და მცენარეთა 34% არის გაქრობის საფრთხის წინაშე, ეკოსისტემათა 41%-ს ამოწურვა ემუქრება. ამის შესახებ ლაპარაკია აშშ-ისა და კანადის ბუნების შემსწავლელი წამყვანი კვლევითი ჯგუფის, NatureServe-ის ანგარიშში.

ხუთწლიანი კვლევის მანძილზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე გადაშენება ემუქრება ცხოველთა 4,3 ათას სახეობას და მცენარეთა 5,6 ათას სახეობას.

ცხოველთა შორის ყველაზე დაუცველი არსებები აღმოჩნდნენ ლოკოკინები: გადაშენება ემუქრება მათი სახეობების 74%-ს. მკვლევრები ასეთსავე ბედს უწინასწარმეტყველებენ ძუძუმწოვართა 18%-ს და ფრინველების 12%-ს, ანუ 79 და 93 სახეობას შესაბამისად.

მცენარეთა შორის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგანან კაქტუსები: მათი სახეობების თითქმის ნახევარი შეიძლება გაქრეს. მიწისზედა ფაუნისა და ფლორისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ინვაზიური სახეობები და ავადმყოფობები, ადამიანის საქმიანობა და კლიმატის ცვლილება, წყლის სახეობებისთვის - წყალსაცავების დაბინძურება და დაგუბება.

NatureServe-ის ხელმძღვანელი შონ ო’ბრაიენი იმედოვნებს, რომ ანგარიში დეპუტატებს უბიძგებს, მიიღონ კანონი ამერიკის ველური ბუნების აღდგენის შესახებ, რომელიც შარშან ჩარჩა კონგრესში. კანონი ითვალისწინებს შტატებისთვის 1,4 მილიარდი დოლარის გამოყოფას მათი გეგმებისთვის ველური ბუნების დასაცავად. ახლა ეს თანხა 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ანგარიშის თანახმად, 1970 წლის შემდეგ დედამიწაზე ველურ ცხოველთა პოპულაცია 69%-ით შემცირდა. ეს მოხდა ადამიანის საქმიანობის გამო, მიზეზთა შორისაა ტყეების გაჩეხა, ბუნების გლობალური დაბინძურება და ჭარბი მოხმარება.

2022 წლის ოქტომბერში ბრიტანელი იურისტები გამოვიდნენ წინადადებით, აღიარონ არაადამიანური არსებების - ცხოველთა, მცენარეთა და მდინარეების უფლებებიც კი, რათა გაუმკლავდნენ კლიმატის გაუარესებასა და ბიომრავალფეროვნების კარგვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG