Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატორებმა ფეისბუკს მოსთხოვეს ინფორმაცია რუსი დეველოპერებისთვის პირად ინფორმაციაზე წვდომის მიცემაზე


Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ზაკერბერგი აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე. 2018 წ. 10 აპრილი.
Facebook-ის ხელმძღვანელი მარკ ზაკერბერგი აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე. 2018 წ. 10 აპრილი.

ორმა ამერიკელმა სენატორმა Facebook-ის დამაარსებელს, მარკ ზაკერბერგს, გაუგზავნა წერილი შეკითხვებით იმაზე, თუ რამდენად აქვთ მომხმარებელთა პოტენციურად კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა დეველოპერებს რუსეთში. სოცქსელის თანამშრომლებმა იციან, რომ მონაცემები შეიძლება ჯაშუშობისთვის იქნეს გამოყენებული, ნათქვამია სენატორების მიმართვაში.

დემოკრატ მარკ უორენისა და რესპუბლიკელ მარკ რუბიოს მიერ ხელმოწერილი წერილიდან ციტატები მოჰყავთ მათ ოფისებს. წერილში ლაპარაკია 2018 წლის მოვლენებზე. მაშინ სოციალურმა ქსელმა განაცხადა, რომ პირადი მონაცემების ნაწილი ელექტრონიკის ჩინელ მწარმოებლებს გადაეცათ.

სენატორები აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია შესაძლოა ხელმისაწვდომი გამხდარიყო სოფტვერების დეველოპერებისთვის მაღალი რისკის ქვეყნებში, კერძოდ - ჩინეთში, რუსეთში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში.

ცნობაში ნათქვამია, რომ მონაცემებზე წვდომა მიიღო 92 ათასმა დეველოპერმა ჩინეთში და 42 ათასმა დეველოპერმა რუსეთში. სენატორებმა ზაკერბერგს ჰკითხეს, შეძლო თუ არა მისმა კომპანიამ ამ დეველოპერების გამოვლენა, მათთან დაკავშირება და გარკვევა, რა ინფორმაციის შეგროვება შეეძლოთ მათ.

დოკუმენტები, რომლებსაც ეყრდნობიან სენატორები უორენი და რუბიო, გამოქვეყნდა სოცქსელის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო განხილვის ფარგლებში. პროცესი ეხება მომხმარებელთა პირად მონაცემებთან გაუფრთხილებლად მოპყრობას და ის მიემართება კომპანია Cambridge Analytica-სთან დაკავშირებით გამოაშკარავებულ ინფორმაციას.

როგორც „ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, 2018 წელს ცნობილი გახდა, რომ Facebook-მა საკვანძო ინტერფეისებზე წვდომა დაუტოვა დეველოპერებს ქსელების აღჭურვილობის მწარმოებელი ისეთი ჩინური კომპანიებიდან, როგორებიცაა Huawei, OPPO და TCL-ი.

ამის შედეგად ჩინურმა კომპანიებმა წვდომა მოიპოვეს ფართო მასშტაბის ინფორმაციაზე Facebook-ის მომხმარებელთა შესახებ, მათ შორის მათ პროფილებზე, მომხმარებელთა იდენტიფიკატორებზე, მათ ფოტოებსა და პირად შეტყობინებებზეც კი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG