Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდთოვლობის გამო ცხინვალის რეგიონის სოფლების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი


დაბა კვაისა
დაბა კვაისა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მაღალმთიანი სოფლების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა ჯავის და კვაისას რაიონებში. დიდთოვლობის გამო, ზნაურის რაიონის ზოგიერთი სოფლის გზებზე მოძრაობა შეწყვეტილია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესს" რაიონის გამგეობის საბინაო და კომუნალური მომსახურების განყოფილების უფროსმა ვილიამ ცხოვრებოვმა განუცხადა. მისი თქმით, თოვლის გამო სატრანსპორტო კავშირები შეწყვეტილია სოფლებთან: ყორნისთან, წორბისთან, ბალთასთან და ნაგუთნისთან.

„ამ დასახლებებში ორ დღეში დიდი თოვლი მოვიდა. ამჟამად კომუნალურმა სამსახურებმა სოფელ ბალთასკენ მიმავალი გზა უკვე გაასუფთავეს, - განაცხადა ცხოვრებოვმა, - სხვა სოფლებშიც თოვლსაწმენდი ტექნიკა გაიგზავნება და გზები უახლოეს მომავალში გაიწმინდება“.

დიდთოვლობაა ჯავის რაიონშიც, სადაც მაღალმთიან სოფლებთან სატრანსპორტო მიმოსვლა ასევე შეწყვეტილია. როგორც კვაისას გამგებელმა ალან ხუგაევმა სააგენტო „რესს" განუცხადა, დიდთოვლობის გამო კუდარის ხეობის ზოგიერთ სოფელში მანქანები ვერ მოძრაობენ.

„თვითონ კვაისაში დაახლოებით 35 სმ თოვლი მოვიდა, მაგრამ კუდარის ხეობის სოფლებში თოვლის სიმაღლე 40-50 სმ-ს აღწევს, რის გამოც ბევრ დასახლებულ პუნქტში მანქანების მოძრაობა შეწყვეტილია. დღეს გავწმინდეთ რამდენიმე სოფლის გზა, დანარჩენი დასახლებებისკენ კი ხვალიდან დავიწყებთ სამუშაოებს“, - განაცხადა ხუგაევმა. მისი თქმით, გარესამყაროს მოწყვეტილია სოფლები კოზი და საჯილზაზი.

მეორე დღეა, ასევე დაკეტილია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი. დიდთოვლობის გამო, როკის გვირაბისკენ გამგზავრება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. ოკუპირებულ ცხინვალში ჯერ ვერ ამბობენ, როდის გაიხსნება ტრანსკავკასიური მაგისტრალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG