Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ტრადიციული მოხსენებით 7 თებერვალს მიმართა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ტრადიციული მოხსენებით 7 თებერვალს მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესს მიმართა ტრადიციული, ყოველწლიური მოხსენებით, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. ჯო ბაიდენმა მიზნად გამოაცხადა ქვეყნის ხერხემლის - საზოგადოების საშუალო ფენის აღდგენა და გაძლიერება და ქვეყნის გაერთიანება.

პრეზიდენტის განცხადებით, აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ყოველი კრიზისის შემდეგ უფრო ძლიერდება და ახლაც სწორედ ამას აკეთებენ. ბაიდენის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, 2 წლის განმავლობაში შეიქმნა 12 მილიონი სამუშაო ადგილი და უმუშევრობის დონე 3,4%-ია, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ილაპარაკა ინფლაციაზე, რომელსაც პანდემიით და პუტინის ომით გამოწვეული გლობალური პრობლემა უწოდა, თუმცა, განაცხადა, რომ საწვავის და პროდუქტების ფასმა კლება დაიწყო. ბაიდენმა მიღწევად შეაფასა თავისი ადმინისტრაციის პროგრამები, რომელთა მიზანია სამედიცინო მომსახურების გაიაფება და თქვა, რომ თუ კონგრესში შეეცდებიან გააუქმონ კანონი, რომელმაც ხელი შეუწყო მედიკამენტების გაიაფებას, ვეტოს გამოიყენებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ილაპარაკა მიგრაციის და საგადასახადო პოლიტიკის შემდგომ რეფორმირებაზე და რესპუბლიკელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც ჯო ბაიდენმა თქვა, არცერთი მილიარდერი სკოლის მასწავლებელზე ან მეხანძრეზე ნაკლებ გადასახადს არ უნდა იხდიდეს. კონგრესში გამოსვლისას ბაიდენმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი დემოკრატების და რესპუბლიკელების თანამშრომლობის აუცილებლობას. 2022 წელს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვეს. სენატში უმრავლესობა დემოკრატებმა შეინარჩუნეს.

კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელების ყველა თაობა დგებოდა მომენტის წინაშე, როცა დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. როგორც ბაიდენმა თქვა, დემოკრატია უნდა იყოს არა პარტიული, არამედ მთლიანად ამერიკული საკითხი.

პრეზიდენტი ბაიდენი შეეხო ომს უკრაინის წინააღმდეგ. მისი განცხადებით, უკრაინაში პუტინის შეჭრა იქცა გამოცდად მთელი მსოფლიოსთვის. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკამ ნატო გააერთიანა და პუტინის აგრესიის წინააღმდეგ შექმნა გლობალური კოალიცია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დარბაზში მყოფ უკრაინის ელჩს მიმართა, რომ ამერიკა მისი ქვეყნის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

XS
SM
MD
LG