Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელჩის ცნობით, თურქეთში მიწისძვრის შემდეგ საქართველოს ორი მოქალაქე ითვლება დაკარგულად


 მიწისძვრის შემდეგ ჩამონგრეულ შენობა. ჰატაი, თურქეთი. 2023 წლის 7 თებერვალი
მიწისძვრის შემდეგ ჩამონგრეულ შენობა. ჰატაი, თურქეთი. 2023 წლის 7 თებერვალი

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, 8 თებერვლის დილის მონაცემებით, ნაპოვნია საქართველოს 4 მოქალაქე იმ 6-დან, ვინც დაკარგულად მიიჩნეოდა. ისინი დაცულ სივრცეში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.

„სამწუხაროდ, ჩვენი ორი მოქალაქე, რომლებიც მოყოლილი არიან ნანგრევებში, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. გრძელდება სამძებრო სამუშაოები, რომელიც ჯერჯერობით არ არის დასრულებული“, - ამბობს გიორგი ჯანჯღავა.

ელჩის განცხადებით, დღევანდელი დილის მონაცემებით, მიწისძვრის შემდეგ საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქეა ნაპოვნი, დაღუპულია - 2 და 2 - ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ დღეს, 8 თებერვალს დილით განახლებული მონაცემებით, ორი დღის წინ მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 6 234 ადამიანი. დაშავებულია - 37 011.

დღეიდან ძალაშია პრეზიდენტ ერდოანის ბრძანება სტიქიური უბედურების ზონაში მოქცეულ 10 პროვინციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში იყო, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა მეზობელ სირიაშიც, სადაც ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2530 ადამიანი. დაშავდა - 4 654.

დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

XS
SM
MD
LG