Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახლი, რომელშიც ბადრი ესებუა დააკავეს, ოჯახის ნათესავს ეკუთვნის


ტარიელ ესებუა, ბადრი ესებუას მამა
ტარიელ ესებუა, ბადრი ესებუას მამა

"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, სახლი, რომელშიც მისი შვილი დააკავეს, ეკუთვნის ბადრის დედის ბიძას, ომიანე ჯიქიას. ტარიელ ესებუასთვის უცნობია, რატომ აირჩია ეს სახლი ბადრი ესებუამ.

ტარიელ ესებუას თქმით, ამ სახლში უკანასკნელად 5 წლის წინაა ნამყოფი, შვილთან კონტაქტი კი არ ჰქონია ბანკზე თავდასხმის შემდეგ.

"ჩემ ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი [ომიანე ჯიქიას სახლში], ისიც 5 წლის წინ - სატირალში. მე არასდროს არ ვყოფილვარ... არაფერი არ ვიცი".

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დღეს, 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ.

განცხადებაში, რომელშიც მხოლოდ ინიციალებია მითითებული, ნათქვამია, რომ ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს:

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს".

შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

XS
SM
MD
LG