Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა


ლონდონის ხედი: პარლამენტის შენობა და ვესტმინსტერის ხიდი.
ლონდონის ხედი: პარლამენტის შენობა და ვესტმინსტერის ხიდი.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში ჩასვლის დღეს.

სანქციები დაწესდა „პასუხად რუსეთის მიერ უკრაინის გამუდმებულ დაბომბვებზე, მათ შორის იმათ წინააღმდეგ, ვინც დაეხმარა პუტინს მისი პირადი სიმდიდრის მოპოვებაში, და კომპანიებს, რომლებიც სარგებელს ნახულობენ კრემლის ომის მანქანიდან“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

როგორც BBC იუწყება, სანქციების სიაში მოხვდა ექვსი კომპანია, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნიკასა და უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიან. მათ შორის არიან „როსტეხკომპლექსი“, „ობორონლოგისტიკა“ და უპილოტო საფრენი აპარატი ZALA Aero-ს დეველოპერი რუსეთში.

სიაში მოხვდა ასევე რუსეთის რვა მოქალაქე, რომელთაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირად სიმდიდრესთან და ძალაუფლებასთან აკავშირებენ. ესენი არიან: ბიზნესომბუდსმენი ბორის ტიტოვი, ნავთობის სფეროს მენეჯერი ნიკოლაი ეგოროვი, პროპაგანდისტული მედიასაშუალება „რეგნუმის“ მფლობელი სერგეი რუდნოვი, სვეტლანა კრივონოგიხი და რამდენიმე სხვა ბიზნესმენი.

კრივონოგიხი პუტინის დიდი ხნის ნაცნობია, რომელიც წილებს ფლობს ბანკ „როსიაში“. რუსეთის დამოუკიდებელი მედია მას პუტინის უკანონო ქალიშვილის დედად მოიხსენიებს.

XS
SM
MD
LG