Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგორ მანგუშევი, რომელიც "უკრაინელის თავის ქალით" გამოვიდა სცენაზე, თავში ჭრილობისგან გარდაიცვალა


კადრი ვიდეოდან, რომელზეც იგორ მანგუშევს, მისი თქმით, მოკლული უკრაინელი სამხედროს თავის ქალა უჭირავს.
კადრი ვიდეოდან, რომელზეც იგორ მანგუშევს, მისი თქმით, მოკლული უკრაინელი სამხედროს თავის ქალა უჭირავს.

პოლიტტექნოლოგი და რუსეთის არმიის ოფიცერი იგორ მანგუშევი, რომელიც ცნობილი გახდა იმით, რომ შარშან ზაფხულში სცენაზე გამოვიდა, მისი თქმით, მოკლული უკრაინელი სამხედროს თავის ქალით, საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 4 თებერვალს ლუგანსკის ოლქში მძიმედ დაიჭრა თავში. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ შეატყობინა მისმა მეგობარმა, სამხედრო კორესპონდენტმა აკიმ აპაჩევმა.

აპაჩევის თქმით, მან გუშინ მოინახულა მანგუშევი საავადმყოფოში. ის ატონიურ კომაში იმყოფებოდა და უკვე აღარ ჰქონდა გადარჩენის შანსები.

მანგუშევი გაურკვეველ გარემოებებში დაჭრეს თავში. ტელეგრამის არხ "МИГ"-ის მონაცემებით, ეს მოხდა ბლოკპოსტზე სტახანოვოს მახლობლად, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მდებარეობს ლუგანსკის ოლქში (მისი ოფიციალური უკრაინული დასახელებაა კადიევკა). მანგუშევს თითქოს პისტოლეტი ესროლეს ახლო მანძილიდან. ვის შეიძლება მისთვის ესროლა და რატომ, ჯერჯერობით გაურკვეველია.

საინტერნეტო სივრცეში, 28 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში მანგუშევს ხელში უჭირავს თავის ქალა და ამბობს, რომ ეს მოკლული უკრაინელის, „აზოვსტალის“ დამცველის თავის ქალაა და მას დამცინავად მიმართავს. სად არის გადაღებული ვიდეო, როდის და ვინ არის მანგუშევის აუდიტორია, რომელსაც სცენიდან ელაპარაკება, უცნობია. უცნობია ასევე თავის ქალის წარმომავლობა.

გავრცელებულ ვიდეოში მანგუშევი, რომელსაც ზოგიერთი მედიასაშუალება უწოდებს კრემლის პოლიტტექნოლოგსა და კერძო სამხედრო კომპანიის, Е.Н.О.Т-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთი იბრძვის „უკრაინის, როგორც ანტირუსული სახელმწიფოს იდეის“ წინააღმდეგ და „ამ იდეის ყველა მატარებელი უნდა განადგურდეს“. რუსი ნაციონალისტის სიტყვებითვე, რუსეთმა „საკუთარი მიწები“ უნდა დაიბრუნოს და არ აინტერესებთ, რამდენი უკრაინელი ჯარისკაცი უნდა მოკლან და როგორ.

XS
SM
MD
LG