Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტი დააჯილდოვა საპატიო ლეგიონის ორდენით


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პარიზი, 2023 წლის 8 თებერვალი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პარიზი, 2023 წლის 8 თებერვალი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დააჯილდოვა საპატიო ლეგიონის ორდენით. პრეზიდენტმა მაკრონმა ამ ფორმით გამოხატა პატივისცემა უკრაინისა და მისი ხალხის და პრეზიდენტ ზელენსკისადმი მისი სიმამაცისა და საქმისადმი ერთგულებისთვის.

ცერემონია 8 თებერვალს, ღამით გაიმართა პარიზში, ელისეს სასახლეში.

საპატიო ლეგიონის ორდენი საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც რესპუბლიკის პრეზიდენტი გასცემს განსაკუთრებული სამხედრო, ან სამოქალაქო დამსახურებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში 8 თებერვალს ჩავიდა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. მათ ზელენსკის დაუდასტურეს, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ რუსეთთან ომში გასამარჯვებლად.

თავის მხრივ, ზელენსკიმ საფრანგეთს და გერმანიას მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავები.

უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერთან შესახვედრად პარიზში ჩავიდა ლონდონიდან, სადაც 8 თებერვალს მოლაპარაკება გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს მიმართა და მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრ სუნაკთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას დიდი ბრიტანეთისგან აქვს ძლიერი თავდაცვითი პაკეტი, შეთანხმდნენ დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკაზე, შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებასა და უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყებაზე.

დღეს, 9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის სამიტი იწყება. დაგეგმილია ზელენსკის გამოსვლა ევროპარლამენტშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG